Wednesday, July 3, 2013

როგორ იწრთობოდა ფოლადი: აღმაშენებლიდან ბერიკამდე

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და ახლადარჩეული პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს შეხვდნენ, ხელი ჩამოართვეს და კამერების წინ რამდენიმე უხერხული სურათიც გადაიღეს. სწორედ მაშინ გაისმა პირველად ეს საოცარი სიტყვა, კოჰაბიტაცია, ორი შეუსაბამო ელემენტის გვერდიგვერ ყოფნა ანუ ქართულად, რომ ვთქვათ - თანაარსებობა. იმ დროს ჩაისახა იმედი, რომ ადრე თუ გვიან საქართველოშიც დადგებოდა დღეს, როდესაც ერის რჩეულები პოლიტიკური თვითშენახვის ზევით რაღაც უფრო მნიშვნელოვანს, უფრო ღირებულს დააყენებდნენ. საუბედუროდ ბოლო ცხრა თვის მოვლენებმა საწინააღმდეგო გვაჩვენა - ამ ორს შორის საერთო ენის გამონახვის მცდელობაც კი არ ყოფილა. ყოველ უმძრახობაში საერთოდ ორივე მხარეა ხოლმე დამნაშავე და ეს შემთხვევაც არ არის გამონაკლისი, მაგრამ ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საქციელს გვინდა მივაპყროთ თქვენი ყურადღება. აშკარა გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ტყავის გადარჩენის გარდა არაფერი აინტერესებს და ამ მიზნის მისაღწევად ქვას ქვაზე არ დატოვებს. მისი შეუსაბამო, პოლარიზებული განცხადებები შეურიგებელ ხასიათს ატარებს, მათში არსად ჩანს ერის მაშენებლის ის პომპეზური სურათი, რომელსაც ასე ელტვოდა ხალხის რჩეული სულ ათიოდე წლის წინ, მხოლოდ იმ დიდი პიროვნების უგემოვნო კარიკატურა.

ამჯერადაც არ გაგვიცრუა იმედი ბერიკამ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჯერ ერთი თარიღი გამოაცხადა, შემდეგ თავადვე გადააკეთა, ეხლა კი ირკვევა, ყველა სიკეთესთან ერთად აქ ალბათ კონსტიტუციის დარღვევასთანაც გვაქვს საქმე. სწორედ იმ კონსტიტუციის, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე ახალბედა თერძებივით ჭრიდნენ და კერავდნენ მისი პარტიული თანამოაზრეები და ბოლოს ისე აბურდ-დაბურდეს ეშმაკიც ვერ გაარკვეს თავსა და ბოლოს. ბრავო, ბატონო მიხეილ, ბრავო!

No comments:

Post a Comment