Sunday, July 7, 2013

ციყვის და დათვის ამბავი

ვისაც რუსეთი-საქართველოს მეგობრობის სჯერა, გულუბრყვილოა, ვისაც რუსეთ-საქართველოს ღია მტრობის სჯერა, ისიც გულუბრყვილოა. ამ ორის ამბავი ერთი დათვის და ციყვის ამბავს წააგავს
.

იყო ერთხელ ერთი ციყვი, ცხოვრობდა თავისთვის უღრან ტყეში, ბებერი მუხის ფუღუროში და თავისი ციყვური საქმეებით იყო გართული. ზაფხულში კაკალს აგროვებდა, ზამთარში კი ბუხარს მოუჯდებოდა უკვე წამოზრდილ შვილებთან ერთად, ხან ნარდს აგორებდა, ხანაც ჯეელობის ამბებს იხსენებდა. ერთ საღამოს წინა წლიდან შემორჩენილ კაკლის ნაჭუჭებს არჩევდა, როდესაც გარედან უცნაური ღრიანცელი მოესმა. გამოჰყო თავი და რას ხედავს - ერთი უშველებელი დათვი მოთრეულა საიდანღაც, თავი აუღერია და ბრაზიანი ბურდღუნით მოცოცავს სამი წლის წინ ფარულად მიშენებული ლოჯისკენ. დაიზაფრა ჩვენი გმირი, ჯერ აბჯრისკენ გაექცა თვალი, მაგრამ მალევე იაზრა, ამ ურჩხულთან ნემსად თუ წაადგებოდა მახვილი და თეფშად - ფარი. შემოსასვლელს დავრაზავო, იფიქრა, მაგრამ გვიანი იყო უკვე - რუხისფერი თათი შემოიჭრა მის პატარა, კოხტა ბინაში და ბინძური ბრჭყალებით მიანგრ-მოანგრია რუდუნებით ნაგროვი ავეჯი და ჯოდასენის დისკების კოლექცია. ძლივს გამოასწრო ბალნიანი მტრის არაპროვოცირებულ აგრესიას პატარა ციყვმა, საკუშნაოში შეიყუჟა, მუხლებშუა ჩარგო თავი და ცხარედ იტირა. ყველაზე მეტად ის უფლეთდა გულს, რომ ამ უსამართლო, უშნო შემოტევის საპასუხოდ ბევრი არაფრის გაკეთება შეეძლო.

ასე დაიწყო ეს სავალალო ამბავი. დათვს უღრანი ტყე მოეწონა, ბერმუხის გვერდზე დაიდო ბუნაგი და უბოდიშოდ მონიშნა თავის ტერიტორიად. მძიმე მეზობელი აღმოჩნდა. დღე ერთი იყო და მის მიერ აწიოკებული ოჯახი - ათასი. ხან გაიძურწებოდა სადღაც, თაფლით გამოძღებოდა და მერე ტალახში ამოგლანგლული მოეთრეოდა უკან. ხანაც გონდაკარგული მიიძინებდა თვეობით. ერთი ხეპრე, უგნური არსება გახლდათ. ბევრი რამ სცადეს ციყვებმა ამ უბედურების საშველად, მაგრამ სრულიად უშედეგოდ. მინდვრის თაგვებსაც კი დაუმეგობრდნენ, იქნებ ალიანსით (ეს სიტყვა ერთმა წრუწუნამ მოიგონა, რომელიც სამი კვირის მერე ემსხვერპლა დათვის უმიზნო რისხვას) დავამარცხოთო ველური. მოთაფლვაც სცადეს, მაგრამ ვერ ამოყორეს აგრესორის უძღები კუჭი. ასე გავიდა წლები, ბევრი მეგობარი დაკარგა ჩვენმა გმირმა, მისი ორი ბიჭიც შეეწირა ამ უზნეობას, მესამეს კი ცოლი გაექცა. ბოლოსდაბოლოს, ცუდად თუ კარგად ისწავლეს ავ მეზობელთან ცხოვრება პატარებმა - ხან გაუცინებდნენ, ხან კაკალს დაუშინებდნენ, ხან მოწიწებით მიართმევდნენ ნიგოზს, ხანაც ფუტკარს მიუსევდნენ. ერთი რამ არ დავიწყებია ციყვს არასოდეს მხოლოდ - დათვი არც მისი მეგობარი იყო და არც მტერი. მეგობრებს ეფერებიან, მტრებს კი ამარცხებენ. დათვი მისი უხეირო მეზობელი იყო.

ეს ამბავი ისევე უცებ დასრულდა, როგორც დაიწყო - ერთ დღესაც სადღაც წაეთრა ბანჯგვლიანი და აღარც მოთრეულა. მინდვრის თაგვებმა იპოვეს თვის მიწურულს, მეჩხერში მოქცეული კალმახი ეპოვნა სადღაც, გულხარბად მისძღომოდა და ყელში გასჩხეროდა ფხა. გულიანად მოილხინა იმ დღეს ციყვმა, ამბის მომტანი წრუწუნები ყანწებით გამოათრო, მეზობლებთან თითების დაკოჟრებამდე აგორა ნარდი, ჯოდასენის სასწაულით გადარჩენილი ერთი დისკიც დააბზრიალა და ბოლოს ღვინით გონდაკარგულმა ბერმუხის კენჭეროში მცხოვრებ ფუტკრებს ლიფტის წილიც კი აუგზავნა.

ჭირი იქა, ლხინი აქა!

No comments:

Post a Comment