Wednesday, July 10, 2013

ერთი ბეწო ადამიანის ნიშატი

სამოცდაათიანი წლებიდან დასავლურ ტერმინოლოგიაში დამკვიდრდა ინგლისურენოვანი სიტყვა Whistleblower. მისი პირდაპირი თარგმანი "სასტვენის ჩამბერავს" ნიშნავს, თუმცა ქართულისგან განსხვავებით ეს არც საგზაო ინსპექციის მუშაკს მოიაზრებს, არც ფეხბურთის მსაჯს. ქართულ ენაში ამ სიტყვის შესაბამისი მნიშვნელობა იქნებოდა "მხილებელი". ჩვენც ამ ტერმინს გამოვიყენებთ - ადამიანი, ვინც ამა თუ იმ ორგანიზაციას კანონის სისტემატიურ დარღვევაში ამხელს. სააშკარაოზე გამოყვანილი ორგანიზაცია უფრო ხშირად რომელიმე ქვეყნის აღმასრულებელი შტოა, თუმცა ხანდახან კერძოებთანაც გვაქვს საქმე. ბოლო დროის ყველაზე მეტად გახმაურებელი მხილებლები არიან ბრედლი მენინგი და ერიკ სნოუდენი. ორივემ უპრეცენდენტო კანონდარღვევებში ამხილა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.

მხილებლებთან მიმართებით დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. ერთის მხრივ, თავად მათ მიერ ჩადენილი ქმედებები ხშირად დანაშაულებრივ ხასიათს ატარებს, მეორეს მხრივ - მათ მიერ საზოგადოებისთვის გაწეული სამსახური უზომოდ მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, თუკი ისინი მკაცრად დაისჯებიან მათ მიერ მხილებამდე ან მხილების დროს ჩადენილი დანაშაულების გამო, მომავალში პოტენციურ სხვა მხილებლებს სისტემატიური კრიმინალის სააშკარაოზე გამოყვანის არავითარი სურვილი არ ექნებათ. ამის კარგი მაგალითია სნოუდნზე გამოცხადებული ნადირობა. ერთის მხრივ მას სამშობლოს ღალატს ედავებიან, მეორეს მხრივ კი მის მიერ დღის ნათელზე გამოტანილი ინფორმაცია ნაციონალური სამსახურის მიერ ჩადენილ მრავალ არაკონსტიტუციურ ქმედებას ფენს შუქს. შესაბამისად, დასავლური კანონის, და საზოგადოების,  დამოკიდებულება მხილებლების მიერ შავ-თეთრი არ არის, იგი უფრო ნაცრისფერია.

ჩვენთვის ეს ახალი მოვლენაა და თუკი ნამდვილად გვინდა დასავლური ღირებულებების შეთვისება, მაშინ ესეც უნდა შევითვისოთ - დემოკრატიულ საზოგადოებაში ხშირად ნაცრისფერი ჭარბობს. ბედუკიძის საქმე სწორედ, რომ ასეთი ნაცრისფერი მომენტია ჩვენს ისტორიაში. ერთის მხრივ, მის მიერ სააშკარაოზე გამოტანილი მასალა ნათელყოფს ამ საზარელი პრაქტიკის ფართომაშტაბიან ხასიათს, მეორეს მხრივ - წლების მანძლზე იგი თავად იყო ამ არაადამიანური სისტემის ნაწილი. როგორ უნდა მოეპყრას მას საზოგადოება? როგორც თვითშეგნებულ მოქალაქეს, რომელმაც ვერ აიტანა მის ირგვლივ გამეფებული სიბოროტე, თუ როგორც ამ ბოროტების აღმასრულებელ ხელს?

საუბედუროდ, ჩვენ ამ კითხვაზე იოლი პასუხი არ გვაქვს. მენინგის და სნოუდენისგან განსხვავებით ბედუკიძის შემთხვევაში სახეზე იყო არა "უმსხვერპლო" დანაშაული, არამედ ადამიანის წამება, გაუპატიურება, დასახიჩრება. ყველაფერი, რასაც ასე მტკიცედ გმობს ოცდამეერთე საუკუნე. ამ ყველაფერს თავად ბედუკიძის ბოლოდროინდელი საქციელი ამძიმებს. მის მიერ საზოგადოების თვალში დარჩენის აშკარა მცდელობა, პრეს-კონფერენციები, ინტერვიუები, იმის შეგრძნებას ბადებს, რომ ამ ადამიანს ლამის გმირად მიაჩნია თავი. მის ქმედებებში არსად იგრძნობა ჩადენილის გამო სირცხვილის გრძნობა, მონანიება, პატიების ძიება. ეს არის ნამდვილი ტრაგედია! ჩვენ შეიძლება მის მიერ ჩადენილი საქციელის ლეგალური შეფასება ვერ შვძლოთ, მაგრამ როგორც ეს კი შეგვიძლია ვუთხრათ - ვლადიმერ ბედუკიძე, შენ არ ხარ გმირი! შენ არ ხარ მხსნელი! შენ არ ხარ ჩვენი ყურადღების ღირსი! შენი ერთადერთი დამსახურება ისაა, რომ შენს ირგვლივ დასადგურებულ სულიერ ჭაობში სხვა ნაძირალებთან შედარებით ერთი ბეწოთი მეტი ადამიანობა აღმოგაჩნდა. ეს კი გმირის ნიშატი არ არის, ეს ერთი ბეწო ადამიანის ნიშანია. მადლობას გიხდით ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის და ამას გირჩევთ - მოეშვი უსარგებლო ჯამბაზობას, თავი დახარე, ხმა დაიმდაბლე და შენს მიერ დასახიჩრებული ადამიანებს და მათ ოჯახების ყოველდღიურ სთხოვე პატიება.

No comments:

Post a Comment