Tuesday, July 2, 2013

რეალობაზე დაყრდნობილი ეკონომიკური პროგრამა

რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურმა მრჩეველმა მეტად უცნაური განცხადება გააკეთა. მას, როგორც ჩანს, "ეს სტატისტიკა და წივილ-კივილი" არ აინტერესებს. შეგახსენებთ, რომ "ეს სტატისტიკა" მაკრო-ეკონომიური პარამეტრების ბოლო მაჩვენებლებია, რომლებიც ნამდვილად არ არის სახარბიელო. ეროვნული პროდუქტის ზრდა ფაქტიურად შეჩერებულია, უმუშევრობამ იმატა, საშუალო შემოსავალი სულ მოსახლეზე უცვლელია - რომელი ერთი დავასახელოთ. გასაგებია, რომ ქვეყნის ეკონომიკა საგაზეთო ჯიხური არ არის. ამ მოკლე დროში ძნელია რაიმე ხელშესახები შედეგის მიღწევა, მაგრამ ეკონომიკური მრჩევლის ასეთ აგდებული დამოკიდებულება "იმ სტატისტიკის და წივილ-კივილის" მიმართ საუბედუროდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ მმართველ გუნდს ან არ აქვს გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამა, ან ვერ ახერხებს მის გაცნობას საზოგადოებისთვის, ან ეს საიდუმლოებით მოცული პროგრამა შავ მაგიას ეყრდნობა და არა ემპირიულ მონაცემებს. რას უნდა ველოდოთ ამის შემდეგ? ენერგეტიკის მინისტრი ვაზის ტოტით მოძებნის ჰესების ასაშენებელ ხეობებს და თავდაცვის მინისტრი შურდულებს დაურიგებს ჯარისკაცებს?

ბატონ გიას უმორჩილესად ვთხოვთ დროულად წარუდგინოს ერს რეალობაზე დაყრდნობილი სამოქმედო გეგმა. თუ იგი ვერ ახერხებს ამ ამოცანისთვის თავის გართმევას, მაშინ პრემიერ-მინისტრს ვთხოვთ დროულად მონახოს უკეთესი სპეციალისტი. ჩვენი მოთმინების ფიალა ღრმაა, მაგრამ არა ამოუწურავი.

No comments:

Post a Comment