Monday, June 15, 2015

ამ კვირა დღეს სასწაული ვიხილე

კვირას, დილით ხილიანს ჩავუყევი, ტელევიზიასთან ჩავედი. გმირთა მოედნისკენ ჩამავალი გზა პოლიციელებს ჰქონდათ გადაკეტილი. ხალხს არ უშვებდნენ. მივედი, შესვლა ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრეს. გვერდზე გამოვედი, ვიღაცამ საბარგო მანქანა მოაყენა, ბიჭები გადმოხტნენ, ნიჩბების დარიგება დაიწყეს. ნიჩაბი არ შემხვდა, მაგრამ ვიღაც ღვთისმადლიანმა სამუშაო ხელთათმანები მომაწოდა. ჩავიცვი და ნიჩბოსნების ნაკადს მივყევი. პოლიციელებმა მათ პატარა დერეფანი გაუხსნეს, სათითაოდ უშვებდნენ, თან რაღაცას ეკითხებოდნენ. კითხვები არ მესმოდა. ჩემი რიგიც მოვიდა, ჩასუქებულმა, მელოტმა კაპიტანმა რაღაც მკითხა და ჭრელი ცხვირსახოცით მოიწმინდა ოფლიანი შუბლი. საყველპურო პასუხი ჩავიბურდღუნე, სამუშაო ხელთათმანებიანი ხელები გავასავსავე და გმირთა მოედნისკენ გავიქნიე თავი. ეს საკმარისი აღმოჩნდა, ხელის მოძრაობით მანიშნა გადიო. გავედი, ჩქარი ნაბიჯით დავუყევი დაღმართს. გვირაბთან მეორე ბარიკადა დამხვდა. აქაც მსგავსი მანევრირებით გავძვერი. საბოლოოდ მოვახერხე მოედანზე ჩასვლა.

პირველივე, რაც თვალში მომხვდა, იყო უამრავი ადამიანი. უამრავი მშრომელი ადამაინი! ზოგი რაღაც უფორმო ზომის ქვის ფილებს ეზიდებოდა, ზოგი ნიჩაბს იქნევდა, ზოგი - წერაქვს, ზოგიც მოზრდილ ნაგვის პარკებს მიათრევდა. უმეტესობა თავიდან ფეხებამდე შლამით და ტალახით იყო მოთხვრილი. არავის ემჩნეოდა დაღლა ან მხნეობის ნაკლებობა. არავინ ყვიროდა, არავინ ჩხუბობდა, არავინ ცდილობდა თვითდამკვიდრებას. ადამიანები უბრალოდ იბრძოდნენ თავიანთი ქალაქის გადასარჩენად. იბრძონენ ჩუმი, დაჟინებული, კრიჭაშეკრული რუდუნებით. არცერთ მოძრაობაში, გამოხედვაში, სიტყვა-პასუხში არ იგრძნობოდა სასოწარკვეთილება ან თუნდაც იოტისოდენა ეჭვიც კი, რომ ჩვენ ამას დავძლევთ, ამ მოედანს გავწმენდთ, ჩვენს ქალაქს დავიბრუნებთ. ძლიერია სტიქია, საშინელი ტრაგიდია დაგვატეხა თავს, მაგრამ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, ვიომებთ და ჩვენსას დავიბრუნებთ! გმირთა მოედანს გმირები წმენდნენ!

ეს იყო უბრალოდ სასწაული! არც მეტი, არც ნაკლები. ამ ქალაქში დავიბადე, ამ ქალაქმა გამზარდა, ამ ქალაქში ვიხილე ბევრი ენით აღუწერელი სისაძაგლე, სიმუხლთე და გაუტანლობა, მაგრამ ეს კვირა დღე ამ ქვენა გრძნობებისა არ იყო! ეს კვირა დღე ყველაზე საუკეთესო გრძნობების იყო! ყველაზე ამაღლებული, დადებითი, შემართებული გრძნობების! დღეს ამ ქალაქმა არნახული სასწაული აჩვენა ამ ასაკშემოპარული მეოცნებეს. სასწაული, რომლის მსგავსი არსად მინახავს. რამდენი მიწანწალია ამ მიწის პირზე, რამდენი უცხო ჰორიზონტი გადამიკვეთავს, რამდენი სხვისი სიხარული და ჭირვარამი მიხილავს, მაგრამ ის რასაც ამდენ ხანს ვეძებდი, თურმე ჩემს მშობლიურ ქალაქში მელოდა. ზამთარს მორიდებული მურა დავივით თვლემდა და როდესაც ქალაქს გაუჭირდა, ძალიან გაუჭირდა, ამ სასწაულმა ძალამ ვულკანივით იფეთქა. ამ კვირა დღეს მე პირველად ვიხილე ის, რის შესახებ ამდენი მიკითხავს, ამდენი მსმენია, ამდენი მიფიქრია - ქართველების ერთობა! ამ კვირა დღეს შემეძლო თამამად გამესწორებინა თვალი მსოფლიოს ყველაზე წარჩინებილი ერის შვილებისთვის და ამაყად მეთქვა: "დღეს მე თბილისელი ვარ!"

ცოტა ხანში მეგობრებიც ვიპოვე, ნიჩაბიც მომაწოდეს, წყალი დამალევინეს და მერე მუხლებამდე ტალახში ჩამდგრები დაუღალავად ვწმენდით ქალაქს შლამისგან. ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ეს დღე არის ჩვენი მომავლის სიმბოლო. ჩვენს ქალაქში ბევრი შლამია დაგროვილი, ტალახით და ჭუჭყით არის სავსე ჩვენი ქუჩები, ჩვენი სახლები, ჩვენი სულები. ეს შლამიც ჩვენი გასატანია, ეს სიბინძურეც ჩვენი გასაწმენდია. ვერა კაცი შეძლებს ამას ეულად. ისევ და ისევ ერთად უნდა ვიდგეთ, ერთად უნდა ვიომოთ. ამას ჩვენს მაგივრად არავინ გააკეთებს. დაუღალავად უნდა ვწმინდოთ ჩვენი ქალაქი, თუნდაც ამისათვის მთელი ცხოვრება მუხლებამდე ტალახში დგომა დაგვჭირდეს.