Friday, July 3, 2015

სამი საქართველო

ოცწლიანი განშორების შემდეგ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში ვცხოვრობ. ამან გარკვეული შესაძლებლობა მომცა ჩვენი ქვეყანა ახალ ჭრილში დამენახა. არა უბრალოდ როგორც მშობელი ერი, არამედ როგორც ერთი ერი, რომელიც ისევე იბრძვის გადარჩენისთვის, როგორც მრავალი სხვა. მომიტევეთ, მაგრამ ხანდახან აუცილებელია შენს სისხლხორცს ცივი თვალით შეხედო და უცხოს გულგრილობით აწონო მისი ავკარგი. ემოციურ ფონზე გაკეთებული სუბიექტური წამოძახილებით ჯერ არცერთ ექიმს დაუსვამს  სწორი დიაგნოზი .

რა გამოჩნდა ამ ახალ ჭრილში? ემოციებისგან, ბრავადოსგან, თვითგვმისგან გაწმენდილ ჭრილში? სამი საქართველო გამოჩნდა. ქვეყანა თითქოს ურემია, რომელსაც ადამიანების სამი ჯგუფი სხვადასხვა მიმართულებით ექაჩება. ერთნი ჩრდილოეთისკენ მიათრევენ მას, მეორენი სამხრეთისკენ, მესამენი კი - დასავლეთისკენ. ურემი ჭრიალებს, ჭრიჭინებს, საწყლად კვნესის. დამსხვრევის პირას არის მისული. სადაცაა გაწყდება მისი საკრავები, დამტვრევა მისი ბორბლები, გადატყდება მისი დედაბოძი. მქაჩველებს კი ურმის ბედი არ ანაღვლებს, მათთვის მთავარია არჩეული მიმართულება არ დათმონ. ვერც გაამტყუნებ. სხვა ჯგუფისთვის მიმართულების დათმობა სიკვდილის ტოლფასია. ჯგუფებს შორის მანძილი დღღითიდღე იზრდება, მატულობს სიძულვილი, უნდობლობა, გაუტანლობა. ისინი ფიზიკურად კი ახლოს არიან ერთმანეთთან, კარგად ხედავენ ერთმანეთის ვარამს, ესმით ტანჯვით წამოძახილი ოხვრები, მაგრამ თუნდაც ასიათასი კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთმანეთის მიმართ მათი მზერა ბრმაა, მათი სმენა კი - ყრუ.

ადრე ვფიქრობდი, რომ ქვეყნის გადარჩენას აუცილებლად სჭირდებოდა ამ ჯგუფების შერიგება, გაერთიანება, კომპრომისების მოძებნა, ძალების გაერთიანება, ერთი მიზნის არჩევა და შემდეგ მისკენ რუდუნებით სიარული. ახლა ასე აღარ ვფიქრობ. საუბედუროდ, ჩვენ უკვე დიდი ხანია გავცდით კომპრომისების ხანას, ჩვენ ბრძოლის ბილიკზე ვდგევართ. არცერთი წუთით არ იფიქროთ, რომ ეს ბრძოლა აგვცდება. იგი მოდის და ისეთივე რეალურია, როგორც დღევანდელი დღის განთიადი. ეს იქნება დაუნდობელი ბრძოლა, მან შეიძლება ურემი ერთხელ და სამუდამოდ გადატეხოს, მაგრამ მისი აცილება უკვე შეუძლებელია. ამ ბრძოლაში პაციფისტებს ადგილი არ ექნებათ. თითოეულ ჩვენთაგანს მოუწევს პოზიციის არჩევა. შუაში ყოფნა აღარ გამოვა.

რომელი ჯგუფი უნდა აირჩო შენ, მკითხველო? ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი ნათელია - დასავლეთის. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი დასავლური ღირებულებების მიღებაა. არა, "მიღება" საკმარისი არ არის, მათი შესისლხორცებაა საჭირო. ჩვენ ვერასოდეს შევალთ ევროპაში ხელშეკრულებებით, მამაპაპური ტრადიციების დაუთმობლობით, საერო და საბეროს გაუმიჯნაობით, ნეპოტური აზროვნებით, სქესობრივი დისკრიმინაციით, ქსენობოფიით და პოსტსაბჭოური სინდრომით. ჩვენ შევალთ ევროპაში მაშინ, როდესაც ევროპას შემოვუშვებთ ჩვენში.

P.S. ერთი ჯგუფი გამომრჩა ამ კლასიფიკაციიდან (წესით "მეოთხე ჯგუფი" უნდა მეწოდებინა მათთვის, მაგრამ ოთხი თარსი რიცხვია :) ) - მეხუთე ჯგუფი, გნებავთ, მეხუთე კოლონა. ეს ვაჟბატონები ჩვეულებრივი პარაზიტები არიან. მათი მსგავსი მრავლად ახსოვს ისტორიას. ალბათ, მომავალშიც არ დაგვაკლებენ ჩვენს გვერდზე ყოფნის სიამოვნებას. მათ არ ადარდებთ ქვეყნის ბედი, ოღონდ თავად კარგად იყვნენ და ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა. ეს წურბელები არცერთ ჯგუფს არ ეხმარებიან, არხეინად სხედან ურმის თავზე და საკუთარი არსებობით მხოლოდ ტვირთს უმძიმებენ სხვებს. მათი კრედო ისევე ბიწია, როგორც მათი მორალური ღირებულებები - საითკენაც ქარი დაუბერავს, ისინიც იქითკენ იქნებიან.