Wednesday, June 26, 2013

„გულითადად მოგახსენებთ, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, იმ დროიდან ვაკვირდები, როდესაც დანიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეკავა. საქართველო ნატო-ს მართლაც მიუახლოვდა. ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმები გაატარა და ქვეყანის მთავრობა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მუშაობს. დიახ, საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას მიუახლოვდა,” - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ძალიან კარგია, რომ ბატონმა რასმუსენმა შარშანდელ რიტორიკას მოუკლო და ლამაზი პირობების მოცემას დაუბრუნდა. საუბედუროდ ამ პირობების შესრულების რეალური გზა არ ჩანს მიუხედავად საქართველოს მიერ გაღებული დიდი მსხვერპლისა (შეგახსენებთ, რომ ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველოს პროცენტულად ყველაზე დიდი რაოდენობის ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი ავღანეთში). როგორ უნდა დაუშვას ნატომ თავის რიგებში ქვეყანა, რომლის ტერიტორიის მოზრდილი ნაწილიც მისი უძველესი მტრის, რუსეთის ფედერაციის, მიერ არის ოკუპირებული? უფრო და უფრო ჩანს, რომ ნატოს რეალური პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ლოდინი. ლოდინი იმისა, რომ ადრე თუ გვიან ფეხი წაუცდება რუსეთს და თუ ამ დროს იხელთა იბერულმა გენმა, შეიძლება ეღირსოს კიდეც ლუხუმს ლაშარის გორზე შადგომა. მანამდე კი მხოლოდ ნატოსთან ნაცნობობით უნდა დავკმაყოფილდეთ.

Tuesday, June 25, 2013

ახლადარჩეულმა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ ფართომაშტაბიანი ამნისტია გამოაცხადა. ამ ინიციატივას დეპუტატების მცირე ჯგუფი ჩაუდგა სათავეში. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი თავიდანვე საზოგადოებრივი დებატების საგნად იქცა. მრავალმა მოქალაქემ მას უარყოფითი შეფასება მისცა. მიუხედავად აზრთა არაერთგვაროვნებისა, პარლამენტმა კანონპროექტი მაინც დაამტკიცა და ასობით ადამიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლა. აქტივისტმა პარლამენტარებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაგვარწმუნეს, რომ სრულიად აუცილებელი იყო ამ ღონისძიების ჩატარება.

ამნისტიის შემდეგ უკვე ექვს თვეზე მეტი გავიდა და აუცილებელია ამ საკამათო გადაწყვეტილების ავკარგიანობის შეფასება. რამდენმა განთავისუფლებულმა ადამიანმა მოახდინა ცხოვრების რეაბილიტაცია? რამდენი დაუბრუნდა დანაშაულებრივ საქმიანობას? ადევნებენ თუ არა თვალყურს საკუთარი ინიციატივის შედეგებს პარლამენტის ის წევრები, რომლებიც ასე აქტიურობდნენ დეკემბერში? რატომ არ მართავს ახალი ხელისუფლება საზოგადოებასთან დიალოგს ამ თემაზე? სად არის დეტალური ინფორმაცია მის წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე? ხელისუფლების დუმილი ამ შემთხვევაში მეტად საეჭვოა.

საზოგადოებას მწვავე კითხვები აქვს ამ საკამთო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თუ ახალ ხელისუფლებას წინამორბედის ბედის გაზიარება არ სურს, უმჯობესი იქნება ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნას ისეთივე გაგებით მოეკიდება, როგორი გაგებითაც საზოგადოება მოეკიდა მათ სადაო გადაწყვეტილებას.

Saturday, June 22, 2013

ირანის სანქციების დარღვევების შესახებ

რამდენიმე დღის წინ "უოლ სტრიტ ჯორნალმა" საქართველოში ირანული ბიზნესის ზრდის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მისი ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ირანული ბიზნესი მკვეთრად იზრდება ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დაწესებული სანქციების მიუხედავად. ამ სტატიას საქართველოში არაერთგვაროვანი რექცია მოჰყვა - ზოგმა ამაში ახალი ხელისუფლების მიერ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის თავის არიდების უახლესი მტკიცება დაინახა, ხოლო სხვებმა - "უოლ სტრიტ ჯორნალის", რესპუბლიკური პარტიის ბასტიონის, მიკერძოებული ფარული მოტივი. ორივე პოზიცია უსაფუძვლოა.

სტატიის ავტორები ირანის სანქციების დარღვევაში რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ ადანაშაულებენ. ისინი საქართველოს მთლიანობაში განიხილავენ. მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკა 2010 წელს იწყება და თანაბრად ეხება, როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე "ნაციონალურ მოძრაობას". ასევე საყურადღებოა, რომ ამერიკის შეერთებულმა საელჩომ საქართველოში ამ სტატიასთან  მიმართებაში შემდეგი განცხადება გააკეთა:

"The U.S. Government is focused intently on shutting down any Iranian attempts to evade sanctions, including through possible business connections in Georgia. We are working closely with the Georgians on this issue. Contrary to certain statements in the article, we see undiminished interest on the part of Georgia's government in strong relations with the United States, and a continued strong desire for Georgia’s Euro-Atlantic integration. Similarly, U.S. concerns involving Iran sanctions evasion here have grown in recent years, and pre-date the current Georgian government."

დიპლომატიური თავაზიანობის მიღმა ყველაზე საინტერესოა ბოლო წინადადება: "ბოლო წლებში გაიზარდა შეერთებული შტატების შეშფოთება საქართველოში ირანის სანქციებისათვის თავის არიდებისთან დაკავშირებით და საქართველოს მიმდინარე ხელისუფლების ძალაუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს". თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს განცხადება პროფესიონალი დიპლომატების მიერ არის შედგენილი, ერთგვარ გაკვირვებასაც კი იწვევს მისი ბოლო ნაწილის პირდაპირობა.

მეორეს მხრივ, არც ის არის გამართლებული, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ "უოლ სტრიტ ჯორნალის" საერთო მიდგომაში რაღაც ფარული მოტივი დავინახოთ. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დასავლური პოლიტიკური აზროვნების ეს უძველესი დაწესებულება პრო-ამერიკული სათვალით უყურებს საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე დაუსრულებელ საჭადრაკო შერკინებას. მათი თვალსაზრისით "ქართული ოცნების" გამარჯვება ამა თუ იმ ფორმით ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ საჭადრაკო დაფის ერთ მცირე მონაკვეთზე შეიძლება ძლიერი პოზიცია დაკარგოს - "ქართული ოცნება" არასოდეს მალავდა, რომ მას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება სურს, რაც ამა თუ იმ ფორმით აშშ-სთან ბოლო წლებში არსებული ვასალური ურთიერთობის გადახედვას ნიშნავს. ბუნებრივია, ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში ამ პერსპექტივას ტაშისკვრით ვერ შეხვდებიან. ამიტომ, სანამ ამღვრეული წყალი დაიწმინდება და პოზიციები გადალაგდება, "ქართული ოცნების" ყოველი ნაბიჯის კრიტიკული თვალით შეფასება მხოლოდ ლოგიკურია.

Friday, June 21, 2013

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მისასალმებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამოიღვიძა და საჯაროდ აღიარა ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ერთერთი ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობა, კონსტიტუციური უსაფრთხოება, საშიში რეციდივისტის ხელში იყო. ძველებს უთქვამთ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო, მაგრამ ამჯერად ძალიან დაუგვიანდა ჩვენს მხცოვან ბელადს. ძნელია იმის პატიება და გაგება, რის პატიებასაც იგი ითხოვს. მიუხედავად იმისა, თუ ნაციონალური მოძრაობის რომელმა ლიდერმა იცოდა ამ საზარელი მოვლენების შესახებ, ქართული ოცნების რომელმა ლიდერმა  გამოიყენა ეს ინფორმაცია თავის სასარგებლოდ და რა ხეირს გამორჩება ამ ყველაფრიდან ჩვენი უსიამოვნო ჩრდილოელი მეზობელი, ეს საზარელი დანაშაულები მოხდა მიხელ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და ეს მისი პასუხისმგებლობაა. ისტორია მკაცრად განსჯის ამ უცნაურ ადამიანს და მის მიერ წამოწყებული მრავალ პოზიტიური რეფორმის გვერდზე ადამიანების წამების, გაუპატიურების და განადგურების ამ სამარცხვინო კადრებსაც ააკრავს.

Thursday, June 20, 2013

დღეს ჩვენ საქმე გვაქვს შეუბრალებელ სიბოროტესთან


არიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ სამალავებში ნაპოვნი ვიდეომასალები ქართული ოცნების მიერ რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა; რომ ისინი ამის გამო ზიზღს იმსახურებს; რომ წარსულს მნიშვნელობა არ აქვს და მომავალზე უნდა ვიფიქროთ; რომ დაბალი რანგის პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო აუცილებელი არ არის მთელი პოლიტიკური სისტემის მოშლა; რომ ეს ყველაფერი ჩვენი დაუძინებელი ნემესისის მორიგი ხრიკია. ეს სწორი შენიშვნებია და მდგომარეობის საერთო ანალიზის დროს აუცილებელია მათი სათანადოდ გათვალისწინება, მაგრამ დღეს ამის დრო არ არის.

დღეს ჩვენ საქმე გვაქვს სისხლიან, შეუბრალებელ, უაპელაციო სიბოროტესთან. სიბოროტესთან, რომელთან მიმართებაშიც პირადი პოლიტიკური კუთვნილებები უფერულდება. ეს სიბოროტე ჩაიდინეს აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტულმა თანამშრომლებმა ზემდგომი ჩინოვნიკების დავალებით. ამ საზარელი დანაშაულის ყველა მონაწილე, პირდაპირ თუ ირიბად, უნდა მოიძებნოს და კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. მიუხედავად მათი ადმინისტრაციული რანგისა. 

Tuesday, June 18, 2013

სცილასა და ქარიბდას შორის

ძალიან საინტერესო კითხვა - პასუხია გაჟღერებული ამ სტატიაში და მის მიმყოლ კომენტარებში. პირადად ვთვლი რომ NewPost უფრო პრო-ნაცისტურია თუმცა ამაზე არ მსურს დღეს სიტყვის თქმა.

სასწაულია პირდაპირ ქართველთა მდგომაროება, და ვიტყოდი, გამოტვინება. დარეული ვიყავით და ვართ ერთმანეთს ხან აღმშენებლობის/დასავლურობის/თანამედროვეობის და ხან სამართლიანობის მიზეზებით.

მაგრამ მიზეზს რა გამოლევს?


"თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმებაო!" ვჭამთ კიდეც ერთმანეთს XIII საუკუნიდან მოყოლებული. წმ. წერილში წერია "შურმან შეიპყრა ერი უსწავლელი" - უსიყვარულობა და ერთმანეთის შური არის ჩვენი დიაგნოზი.


აღმშენებლობას რაც შეეხება - კომუნისტებიც მაგ იდეით წვავდნენ და ანგრევდნენ ყველაფერს და აშენებდნენ; მხოლოდ ყველაფერი ტრადიციულის უარყოფით. ამის შედეგს დღესაც ვიმკით. მიშა ამ იდეის ტრანსფორმირებული გამოვლენად მიმაჩნია. შენება კარგია თუ გაითვალისწინებ ვინ ხარ? საიდან მოდიხარ? და სად გინდა მიხვიდე.

დასავლურობა და ევროპელობა - კარგია ცივილიზაცია, მაგრამ ისტორიულად ამ ცივილიზაციებმა მოინელა ყველა მისი შემქმნელი. ამიტომ რა - უარი ვთქვათ მასზე? უგნურებაა. ყველა დიდი რელიგია, რჯულის მოძღვარი თუ მოაზროვნე საბოლოოდ ერთს ქადაგებს - ზომიერება არის ოქროს შუალედი;

მიმაჩნია ჩვენც ეს გვმართებს.

ამისათვის თეთრისა და შავის, მარჯვენისა და მარცხენის, ცუდისა და კარგის გამრჩევი არა მარტო პიროვნება, არამედ სახელმწიფო ინსტუტუტების შექმნა, ჰარმონიზირებაა საჭირო.
მიშას ქონდა ამის ბრწყინვალე შანსი, მაგრამ დღევანდელი კვერცხი ამჯობინა ხვალინდელ ქათამს.
ვერ გაუძლო ცდუნებას.

ქოცები?


ქოცები დიდი კონგლომერატია ჭრელი პოლიტიკური სპექტრით, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აერთიანებს რკინის ხელით. პირადად მიმჩნია, რომ არა ეს რკინის ხელი - უკვე 6 თვის დაბრუნებული იქნებოდა შევარდნაძისეული კორუფციის და განუკითხაობის ხანა.

ერთია განსხვავება ქოცებსა და ნაცებს შორის: მიშას საზოგადოებისათვის შედარებით უცნობი ვირიშვილები ჰყავდა მწყობრში; ბიძინას კი - ცნობილი (
ბუნებრივია, იქითაც და აქეთაც სასიამოვნო გამონაკლისები არის).

სამართლიანობის აღდგენა ყველაზე უპირველესი და დიდი ტვირთია, რაც ქოცებს აქვთ აკიდებული. ქართული საზოგადოება აშკარად "სისხლს" ითხოვს, მაგრამ არსებობს ერთი-ორი თითქმის ყველასგან დავიწყებული, პატარა, მაგრამ ამავე დროს დიდი მნიშვნელობის "მაგრამ":

მაგრამ - სამართლიანობას არ უნდა გადაყვეს საქართველო, მოვკვდეთ, გადავშენდეთ, მაგრამ "სამართლიანობითა და ღირსებით"?

მაგრამ - შევარდნაძის დროიდან მოყოლებული თითქმის ყველას შერჩა საქართველოს ბიუჯეტის ყვლეფა და საკუთარ ხუშტურებზე ხარჯვა; ვიღაც მაღალჩინოსანი სამაგალითოდ ერთხელ მაინც უნდა დაისაჯოს, რომ მომავალი "წუწკები" ხელის წაცდენამდე წინამორბედის ხვედრზე დააფიქროს.

დასავლეთის პოზიცია ძალიან ნათელია პირადად ჩემთვის - იციან ყველაფერი, საქართველოს უბრალო მოქალაქეზე უკეთ თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების პირობებში და მაინც - ყბადაღებული მოწოდება "პოლიტიკური დევნის შეწყვეტისაკენ"; ეს მკაფიო განაცხადია საკუთარი სურვილისა.

გამოდის მხოლოდ ერთი რამ, რასაც ჯიუტად არ იჯერებს საქართველოს მოსახლეობა (რომელიც მზადაა ოღონდ თვითონ არ იფიქროს, ოღონდ თვითონ არ იშრომოს, ოღონდ თვითონ არ იომოს და ან დასავლეთს ან რუსეთს გაუგოროს კოჭი):


დასავლეთს საერთოდ არ აინტერესებს საქართველო რას ან როგორ გადაწყვეტს, როგორ იცხოვრებს და რას აღადგენს, ან რას გაანდგურებს (საკუთარი თავის ჩათვლით), დასავლთს აქვს ძალიან ბუნებრივი, მკაფიოდ გამოხატული და ჩამოყალიბებული, გლობალური მდგომაროებიდან გამომდინარე სახელმწიფო ინტერესი და მიზანი - ჰქონდეს გავლენა "ჭირიან" საქართველოზე.

ფაქტია, რომ მიშა იყო დასავლეთის ნების უპირობო აღმსრულებელი, ბიძინაცდილობს დასავლეთის ინტერესების ფონზე დაბალანსებულ გადაწყვეტილებით ეროვნული ინტერესების რეალიზაციას, რაც არცერთი "სტრატეგიული პარტნიორის" თუ ცხადი მტრის ინტერესში არ შედის. ყველას მაჩანჩალა, სუსტი და მასზე დამოკიდებული ურჩევნია საქართველო, ვიდრე რამის დამოუკიდებლად გამკეთებელი.

ამის პარალელურად აიშალა ტვინნაღრძობი რუსეთუმეები...

ამ კაკაფონიაში, შიდა თუ გარე ძალების წნეხში, ჩვენ თუ სადმე სამშვიდობის გავედით - მართლა განსაკუთრებულად ვყვარებივართ მაღალ ღმერთს.

Saturday, June 15, 2013

ძნელი სათქმელია, თუ რატომ აითვალისწუნეს ქრისტიანებმა მამათმავლები. საუბარია ზოგადად ქრისტიანობაზე, არა მხოლოდ მის ორთოდოქსალურ ბერძნულ განშტოებაზე.  თავად ქრისტეს სწავლებაში ნაკლებად ვხდებით ამ საკითხს. ერთგან იგი უარყოფს ყველა ფორმის სექსუალურ გარყვნილებას, თუმცა არსად ხსნის, თუ რა იგულისხმება ტერმინში "სექსუალურ გარყვნილება". მეორეგან პავლე მოციქული წერს კორინთელებს, რომ მეუღლის მოღალატეებს, მეძავ მამაკაცებს და ჰომოსექსუალებს ადგილი არ აქვთ უფლის სამეფოში. ამ ორი ბუნდოვანი მინიშნების გარდა, თუ იესოს მოძღვრების საერთო სულისკვეთებას გავითვალისწინებთ, მესია გვასწავლის ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას და დაფასებას მიუხედავად ამა თუ იმ ადამიანის სოციალური კუთვნილებისა. უფლის თვალში ყველა ერთია, ეს არის მისი სწავლების ცენტრალური მოტიფი.

ძველი აღთქმა ამ მხრივ უფრო მკაცრია. იგი პირდაპირ აცხადებს, რომ მამაკაცი, რომელიც მეორე მამაკაცთან იქნება, როგორც ქალთან, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. სოდომის სავალალო ისტორიაში კი ლოტთან სტუმრად მოსული მამაკაცების გაუპატიურების მცდელობის გამო, იეღოველების ძველი ღმერთი სასტიკად უსწორდება მთელ ქალაქს და პირდაპირ აცხადებს, რომ ეს მაგალითი უნდა იყოს ყველა გარყვნილისთვის, ვინც მის ნებას დაარღვევს.

ალბათ სიმართლესთან ახლოს იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჰომოსექსუალიზმის ათვალისწუნება სემიტური პეგანიზმიდან იღებს სათავეს. ამა თუ იმ მიზეზის გამო არაბების და ებრაელების წინაპრები უარყოფითად უყურებდნენ მამათმავლობას, ქრისტემ კი ამ საკითხის, ასე ვთქვათ, პოლიტიკურად აუარა გვერდი. შემდგომ, იესოს სწავლებაზე აგებულმა რელიგიურმა ესტაბლიშმენტმა სემიტური პეგანიზმის არქაული ტაბუ აღადგინა და საუკუნეების მანძილზე მორალურ სამიზნედ აქცია საზოგადოების ეს მცირე, დაუცველი ფენა.

რატომ?

ჩემი აზრით (და ეს მეტად საკამათო აზრია), რელიგიური ესტაბლიშმენტი ამ შემთხვევაში სწორედ ისე იქცევა, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა მსხვილი სოციალური დაჯგუფება პოლიტიკური ძალაუფლების მოხვეჭისას. იგი იოლ სამიზნეებს ეძებს იმისათვის, რომ მათი მკაცრი, შეურიგებელი დევნით, საკუთარი ძალის დემონსტრირება მოახდინოს. ამ ფორმულაში ახალი არაფერია - ასე იქცევიან ბავშვები ეზოებში, პატიმრები ციხეებში და პოლიტიკოსები დებატებში.

Friday, June 14, 2013

არ გვირჩევნია, მაგრამ ჩვენია, მაინც ჩვენია, ყველა ჩვენია...

უცხოეთში მცხოვრები ქართველების წერილებში ხშირად ვხდები შემდეგნაირად ფორმულირებულ განცხადებებს: "...იმათ მოუარონ", "..ის შტერები...", "ჯიგარლენდი..", "...მოგეპყრობით როგორც სულიერად ავადმყოფებს" და მსგავსი. ეს თანაბრად ეხება ყველა პოლიტიკური ძალის მომხრეს, მაგრამ, არ დავმალავ, ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან უფრო ხშირად მესმის ასეთი ფრაზები. ეს ძალიან არასასიამოვნო ტენდენციაა. ამ ადამიანების ღვარძლიან წელირებში ჩანს, რომ მათ უკვე დაყვეს საქართველო იმათად და ამათად. "იმ სულელებმა" ვერ "დაინახეს", ვერ "გაიგეს", ის რაც "ამათ" დაინახეს და გაიგეს. ეს არის აროგანტული და ბრიყვული პოზიცია. იგი მხოლოდ ვნებს მსოფლიოს ყველა კუთხეში მიმოფანტულ ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ყველაფერს ეჭიდებიან, რომ სწორედ ასეთი იმიერ/ამიერ დაყოფა არ მოხდეს.

უმორჩილესად გთხოვთ, თუკი ნამდვილად გიყვართ სამშობლო, "იმათად" და "ამათად" გაჟღენთილი ღვარძლიანი წერილების წერას მოუკელით. მოთმინებით აღიჭურვეთ და "იმათ" გვერდზე დგომით აჩვენეთ, რომ თქვენც "იმათი" ნაწილი ხართ სწორედ მაშინ, როდესაც "იმათ" ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.


სურათის წყარო იხილეთ აქ

Thursday, June 13, 2013

ქართველი ხალხი ბრიყვი არ არის


ქართველი ხალხი ბრიყვი არ არის. კარგად იცის ბნელი რუსეთი ნათელ ამერიკას არ სჯობია, მაგრამ დაიღალა ხალხი ამ გაუთავებელი მოლოდინით. რუსეთს ძველი სავოკური დიდება მოსავს, შორეული ამერიკა კი შორეულ ამერიკად დარჩა. საშუალო ქართველისთვის ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ერთი სომეხის გოგო პოპულარულობის მწვერვალზეა უკანალის ქნევით და საიდანაც დროულად თავსნაშველები ემიგრანტი ქართველები "სწორად ცხოვრების" წესებით იმოძღვრებიან. ევროპამ კი რა ქნას? ევროპა  ჯიბეებში იქექება და ხელებს ასავსავებს, ოღონდ ვინმემ დააპუროს და დედაშვილიანად მიჰყიდის თავიანთ ნაფერებ ბერძნულ დემოკრატიის აკვანს.

Image origin: http://bobmccarty.com/2008/08/11/usa-or-russia-who-will-blink-first/

Saturday, June 8, 2013

გამოთხარა თაგვმა კატა

საქართველოს ხელისუფლება თითქმის ათი წელია ცეცხლს ეთამაშება. მხოლოდ გონებრივი განვითარების საწყის ეტაპებზე მყოფი ადამიანი ვერ მიხვდება, რომ საშუალო ავღანელის თვალსაზრისით ქართველი ჯარისკაცები მტრები არიან, შესაბამისად საქართველო - მტერია. ავღანეთი კი, მოგეხსენებათ, ფუნტამენტალური ისლამური დაჯგუფებების მექაა. იმედია საქართველოს ხელიფულება დროულად მოეგება გონს, სასწრაფოდ გამოიყვანს სამხედრო ნაწილებს ავღანეთიდან და გამოკვეთილად ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს ამ სავალალო კონფლიქტში, რომელიც აშშ-მ უკვე რამდენიმე წლის წინ წააგო. წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ტრაგედიები შეიძლება დატრიალდეს ჩვენს ქალაქებში. მძიმე პროგნოზია და მძიმე გულით ვამბობ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას. "უფალი გვიშველის!" იმედზე ვერ ვიქნებით. უფალი უმეტესად იმათ შველის, ვინც თავის თავს უფრთხილდება.

Tuesday, June 4, 2013

საოცარი ადამინები არიან ზვიადისტები. პლანეტის სხვადასხვა კუთხეს შეფარებულნი ცრემლიანი თვალებით ფიცულობენ დიდი ხნის წინ მიტოვებული სამშობლოს ბედს, გულზე მჯიღის ცემით ემუქრებიან უთვალავ მტერს და დაუღალავად კითხულობენ სახარებას უმადური პლებოსის თავს-ზედ. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ძველებს უთქვამთ, და ეს გულკეთილი ადამიანებიც ბრძნობენ დიდი ხნის წინ გასხვისებულ ომში, რუდუნებით ითვლიან მტკვრის ტალღებივით მოხლილ ახალ-ახალ ხელისუფალთ და უსახურად იფერფლებიან დიდი ხნის წინ დავიწყებული ქარბუქების ნოსტალგიაში. აღდგომა და ხვალეო, ესეც უთქვამთ ძველებს, ჩვენც ვუსურვოთ ნანატრი აღდგომა ამ საოცარ ადამიანებს, იქნებ ამ ერთხელ კინკილად მორჩენილმა მერცხლებმა მართლაც-და მოიყვანონ დიდი ხნის წინ მონატრებული გაზაფხული.