Saturday, June 22, 2013

ირანის სანქციების დარღვევების შესახებ

რამდენიმე დღის წინ "უოლ სტრიტ ჯორნალმა" საქართველოში ირანული ბიზნესის ზრდის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. მისი ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ ბოლო წლებში საქართველოში ირანული ბიზნესი მკვეთრად იზრდება ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ დაწესებული სანქციების მიუხედავად. ამ სტატიას საქართველოში არაერთგვაროვანი რექცია მოჰყვა - ზოგმა ამაში ახალი ხელისუფლების მიერ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის თავის არიდების უახლესი მტკიცება დაინახა, ხოლო სხვებმა - "უოლ სტრიტ ჯორნალის", რესპუბლიკური პარტიის ბასტიონის, მიკერძოებული ფარული მოტივი. ორივე პოზიცია უსაფუძვლოა.

სტატიის ავტორები ირანის სანქციების დარღვევაში რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას არ ადანაშაულებენ. ისინი საქართველოს მთლიანობაში განიხილავენ. მათ მიერ მოყვანილი სტატისტიკა 2010 წელს იწყება და თანაბრად ეხება, როგორც "ქართულ ოცნებას", ასევე "ნაციონალურ მოძრაობას". ასევე საყურადღებოა, რომ ამერიკის შეერთებულმა საელჩომ საქართველოში ამ სტატიასთან  მიმართებაში შემდეგი განცხადება გააკეთა:

"The U.S. Government is focused intently on shutting down any Iranian attempts to evade sanctions, including through possible business connections in Georgia. We are working closely with the Georgians on this issue. Contrary to certain statements in the article, we see undiminished interest on the part of Georgia's government in strong relations with the United States, and a continued strong desire for Georgia’s Euro-Atlantic integration. Similarly, U.S. concerns involving Iran sanctions evasion here have grown in recent years, and pre-date the current Georgian government."

დიპლომატიური თავაზიანობის მიღმა ყველაზე საინტერესოა ბოლო წინადადება: "ბოლო წლებში გაიზარდა შეერთებული შტატების შეშფოთება საქართველოში ირანის სანქციებისათვის თავის არიდებისთან დაკავშირებით და საქართველოს მიმდინარე ხელისუფლების ძალაუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს". თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს განცხადება პროფესიონალი დიპლომატების მიერ არის შედგენილი, ერთგვარ გაკვირვებასაც კი იწვევს მისი ბოლო ნაწილის პირდაპირობა.

მეორეს მხრივ, არც ის არის გამართლებული, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ "უოლ სტრიტ ჯორნალის" საერთო მიდგომაში რაღაც ფარული მოტივი დავინახოთ. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ დასავლური პოლიტიკური აზროვნების ეს უძველესი დაწესებულება პრო-ამერიკული სათვალით უყურებს საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე დაუსრულებელ საჭადრაკო შერკინებას. მათი თვალსაზრისით "ქართული ოცნების" გამარჯვება ამა თუ იმ ფორმით ნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა ამ საჭადრაკო დაფის ერთ მცირე მონაკვეთზე შეიძლება ძლიერი პოზიცია დაკარგოს - "ქართული ოცნება" არასოდეს მალავდა, რომ მას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება სურს, რაც ამა თუ იმ ფორმით აშშ-სთან ბოლო წლებში არსებული ვასალური ურთიერთობის გადახედვას ნიშნავს. ბუნებრივია, ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში ამ პერსპექტივას ტაშისკვრით ვერ შეხვდებიან. ამიტომ, სანამ ამღვრეული წყალი დაიწმინდება და პოზიციები გადალაგდება, "ქართული ოცნების" ყოველი ნაბიჯის კრიტიკული თვალით შეფასება მხოლოდ ლოგიკურია.

No comments:

Post a Comment