Sunday, February 16, 2014

 Attorney at law  Mr. Dimitri Bebia.
მოწმის დაკითხვის ახალი  წესი... თანასწორობა თუ უთანასწორობა ?
2010 წლიდან საქართველოში სისხლის სამართლის საქმეები ჰოლივუდურ ფილმებში ნანახი სასამართლო პროცესების მსგავსად უნდა წარმართულიყო, ამის წინაპირობა გახდა საქართველოში ახალი, დასავლური ქვეყნების მსგავსი სისხლის სამართლის საპროცესო პრაქტიკის შემოღება.  ჩვენმა კანონმდებლებმა არაერთხელ ,,დააკოფებრეიკეს“ ახალი  კანონი, რათა ის ქართული რეალობის ,,მისაღები“  გაეხადათ, გააერთიანეს ანგლო–ამერიკული და კონტინენტური ევროპის სამართლებრივი თავისებურებები, დაუმატეს  ჩვენი ძირძველიც და შედეგად მივიღეთ ის, რომ ახალ კოდექსს არადასავლური  განვითარება მოჰყვა.
უამრავი ძირეული საპროცესო ინსტიტუტების შეცვლასთან ერთად შეიცვალა  მოწმის ინსტიტუტიც, კერძოდ ანგლო–ამერიკული სამართალწარმოების მოდელით,  გამოძიების ეტაპზე მოწმეს არა აქვს ვალდებულება ბრალდების ან დაცვის მხარეს მისცეს ჩვენება,  ის შეიძლება გამოიკითხოს, გამოკითხვის  ოქმს კი  არა აქვს მტკიცებულების ძალა (გარდა გამონაკლისი შემთხვევბისა – თუ მოწმე გარდაიცვლება და ა.შ), შესაბამისად თუ სასამართლოზე მოწმე მისცემს სხვა ჩვენებას, ის არ ისჯება ამისათვის.
 ჩვენს ,,გადმოქართულებულ“  ვარიანტშიც ასე ჩაიწერა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს ცვლილება შეეხო დაცვის მხარეს, ხოლო ბრალდების მხარის  (გამომძიებლის/პროკურორის) მიერ ინიცირებულ დაკითხვას ჩვეულებრივი დაკითხვის ფორმა აქვს, მას გააჩნია მტკიცებულების ძალა, მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება  და თუ  შემდგომ შეცვლის ამ ჩვენებას დაისჯება ცრუ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის.
წინა წლებში გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლოზე შეცვლისათვის ასობით მოწმე მიეცა პასუხისგებაში, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა პროკურატურისათვის სასურველი ჩვენების შეცვლისათვის აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე.
დღესაც, როდესაც საქართველოში შეიცვალა  პოლიტიკური რეალობა, თითქოს დაიწყო ,,სამართლიანი სამართალწარმოების“ დამკვიდრების პროცესი, ეს ,,ავკარგი, გადმოქართულებული“    ნორმა  კვლავ ძალაში რჩება 2015 წლის 31 დეკემბრამდე, შემდეგ კიდევ რაღაც მიზეზი აღმოჩნდება და ან იგივე გაგრძელდება ან სხვას გამოძერწავენ   ,,ბრძენნი“.
უნდა გავრცელდეს თუ არა მოწმის დაკითხვის   წესი ბრალდებისა და დაცვის მხარეებზე  თანაბრად?     
ცალსახად უნდა ითქვას, რომ თანასწორობის, შეჯიბრობითობის პრინციპი ამას უპირობოდ მოითხოვს.   ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე–6 მუხ. მე–3  პუნქტის  (d)  ქ/პუნქტში შავით თეთრზე წერია –
,,ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
d) დაიკითხოს ან დააკითხვინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში“.                        
აღნიშნული ნორმის  ლეიტმოტივი მდგომარეობს იმაში, რომ დაცვის მხარეს (ადვოკატს/ბრალდებულს) გააჩნდეს ,,ბრალდების მოწმესთან დაპირისპირების უფლება“, ანუ  იმ მოწმის დაკითხვაში მონაწილეობის  უფლება, რომელიც მის წინააღმდეგ იძლევა ჩვენებას. ევროპული კონვენციის (რომლის ხელმომწერიც საქართველოა) განმარტებას ახდენს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული  სასამართლო, საგულისხმოა ამ მხრივ სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ – ევროპული კონვენციის ზემოთმოხსენიებული პუნქტის მოთხოვნები არ უნდა დაირღვეს გამოძიების ეტაპზე, რამდენადაც დასაწყისში მისი დაუცველობის გამო სასამართლო განხილვის სამართლიანობას მიადგება მნიშვნელოვანი ზიანი.  სასამართლომდე მიცემული მოწმის ჩვენების  მტკიცებულების სახით გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს  დაცვის უფლებებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა  ბრალდებულს არ ჰქონია ,,სამართალწარმოების ადრეულ ეტაპზე  იმ პირების დაკითხვის შესაძლებლობა, რომელთა ჩვენებებიც იქნა წაკითხული სასამართლო განხილვის დროს“ (Unterpertinger–უნტერპერტინგერის  საქმე ) .
ამ პოზიციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება მართლმსაჯულების აღსრულებაში, ვინაიდან ჩვენს შემთხვევაში სასამართლოზე ბრალდების მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა  აქვს დაცვის მხარეს, ხოლო გამოძიების ეტაპზე ამ შესაძლებლობას მოკლებულია.
 კვლავ ჩვეული დემაგოგია, ბუნდოვნად  მარწმუნებელი........
წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის საწინააღმდეგო  ჩვენებას  იძლევა გამომძიებელთან, ის გააფრთხილეს ცრუ ჩვენებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისათვის პასუხისმფებლობის შესახებ, თან როგორი სიდინჯით,  მონდომებითა და გულმოდგინებით  უხსნიან მას რა ელის, თუ ცრუ ან ამ ჩვენების საწინააღმდეგო ჩვენებას მისცემს სასამართლოზე, ზოგი გულუბრყვილოდ იკითხავს – რა  ?  რასაც ასევე გულუბრყვილო და დაუდევარი პასუხი მოსდევს –     ,, ვირის აბანო“ !!!  იქნებ ეს მოწმე  ცრუა და ცრუობს, ან იქნებ პატიოსანია მაგრამ, ეს გარემო მას უშლის ფაქტების სწორედ გადმოცემის შესაძლებლობას, ან იქნებ  დამახინჯებულად გადმოსცა თუნდაც ის, მისთვის უმნიშვნელო ფაქტი, რომელიც შეიძლება ჭეშმარიტების დადგენისათვის მარცვალი იყოს.      მოწმის უტყუარი ჩვენების მიღების მიზნით, თავიდან უნდა იქნეს აცილებული ნებისმიერი ზემოქმედების, როგორც  – ფიზიკური თუ ფსიქიკური ზემოქმედების ფორმები, ისე მისახვედრი კითხვის დასმით ზემოქმედების ფორმაც, რაც (განსაკუთრებით ეს უკანასკნელი) არ არის უზრუნველყოფილი, ვინაიდან დაკითხვა მიმდინარეობს დაცვის მხარის მონაწილეობის გარეშე.
შემდგომ გამოიძახებენ მოწმეს სასამართლოზე, სადაც ის უკვე დაცვის მხარის მონაწილეობით დაიკითხება, ადვოკატიც/ბრალდებულიც დაუსვამს მას შეკითხვას, მაგრამ მისცემს კი ჩვენებას სხვაგვარს, თუნდაც იტყვის სიმართლეს, რომელიც მას იმწუთში გაახსენდა, ,,ჩამოჭრის იმ ტოტს, რომელზეც ზის „ ?   ნაკლებად სავარაუდოა, რომ კი,  რადგან მას არ სურს ,,ვირად“ იქცეს და არც ,,აბანო“ – ში იძულებით მოთავსებაზე ოცნებობს.  

ნათელია, რომ  მოწმის დაკითხვის ახალი წესი უნდა გავრცელდეს, როგორც დაცვის ისე ბრალდების მხარეზე თანაბრად და  2015 წლის 31 დეკემრამდე გადავადებული დაკითხვის წესი უნდა ამოქმედდეს დაუყოვნებლივ, რაც თემიდას სასწორზე წონასწორობის დაცვის ერთერთი გარანტი გახდება.

No comments:

Post a Comment