Saturday, July 13, 2013

ორი წერილი

ორი წერილი
„წარსული - ეს პროლოგია“
შექსპირი

        იყო და არა იყო რა, იყო ერთი ხელისუფალი. ცხოვრობდა თავისთვის განცხრომაში, ცა ქუდად ეხურა და დედამიწა ქალამნად ეცვა. ბედნიერი ღიმილით იღვიძებდა ყოველ დილით და ბედნიერი ღიმილითვე იძინებდა. სიზმარში ვარკვლავები ეხვეოდნენ, ცხადში კი თავს მზე დასციცინებდა. საოცარი ნიჭის და შეძლების პატრონი იყო. მთელს მის ციცქნა სახელმწიფოში არ მოიძებნებოდა სწავლული მასზე ჭკვიანი, მეომარი მასზე მამაცი, ვაჟკაცი მასზე სულგრძელი და მხედარი მასზე მოხდენილი.
        ავზნიანია კაცთა გულები! ბოღმით აღივსნენ მისი ნეტარი არსებობის შემყურე უპოვარი ქვეშევრდომები. "ეგ რად უნდა ცხოვრობეს ასეთ ნეტარებაში, ყოველ დღე ახალი ლამაზმანი ჰყავდეს წამოსკუპებული მუხლზე, ნაირ-ნაირ უცხო მიწებს სტუმრობდეს და მარმარილოთი მოპირკეთებულ სასახლეში ედოს ბინა, როდესაც ჩვენ შვილებს შიმშილით მუცლები ეწვითო?!" - ამგვარი ბოროტი აზრები გაივლეს გონებაში, ერთმანეთსაც გადაულაპარაკეს ჩუმჩუმად. მალე სულაც მოეშვნენ ქვეშევრდომულ საქმიანობას და მაედნებზე შეკრება დაიწყეს. ერთი სიტყვით, არიეს დალაგებული ქვეყანა ამ ეშმაკის ნაშიერებმა.
        ჩამოიარა ერთხელაც ჩვენმა ნეტარცხებულმა ხელისუფალმა დიდ მაედანზე და ჩვეული მოხდინებით კი ვერ გაატარა თავისი ეტლი. უქონართა ბრბომ გადაუღობა გზა. ველური სახეებით უღერებდნენ მუშტებს სამეფო თავლის ნაქებ არაბულებს, მუხის კომბლებს ატრიალებდნენ ჰაერში.
        - რა უბედურებაა ჩვენ თავს? - გაოცდა ხელისუფალი, წარბები აჰყარა და გვერზე წამოსკუპებულ თმაგაცვენილ პირველ ვაზირს ავად გადახედა.
        - რა გითხრათ, ჩემო უფალო, ვიგინდარები შეკრებილან და ბედნიერ ყოფას გვირღვევენ, ქვეყნის მოშლა უნდათ! - უმარილოდ ჩაღეჭა ქოსამ, ეტლის სარკმელს სქელი ხავერდის ფარდა ააფარა .
        - ქვეყნის მოშლა უნდათ? - ფერი ეცვალა ხელისუფალს - რომელი ქვეყნის?
        - თქვენისა, მბრძანებელო, თქვენისა!
        - ჩემი ქვეყნის მოშლა უნდათ?! - არმაზივით დაიქუხა მზის რჩეულმა - მაგათ ვაჩვენებ ქვეყნის მოშლას! მაგ, მაგ!...უხ!... მაგათ!!!...
        ტირადის დარჩენილი ნაწილი სქელ ტუჩებზე მოსხმულმა დორბლმა იმსხვერპლა, მაგრამ ქოსა ვაზირს მათი მოსმენა არ სჭირდებოდა, ისედაც ხშირად ჰქონდა გაგონილი. ფრთხილად მოაცილა თვალი განრისხებულ პატრონს,  ფარდის კიდეებს შორის დარჩენილ ჭრილში გაიჭვრიტა. სადღაც იქ ბრბო ფეთქავდა, მუშტივით იკუმშებოდა, იშლებოდა, ბაზარში მობარბაცე მთვრალი გოლიათივით ეძებდა გასასვლელს.
                ტრიალებს ჩარხი, ღელავს ხალხი.
        ამ ამბებიდან ორიწლისთავს ქვეყანას უზარმაზარი აქლემების ქარავანი მოადგა. უფრო სწორად, აქლემები ჩვეულებრივი ზომისანი იყვნენ, ქარავანი იყო უზარმაზარი. ერთმანეთზე აბმული ორკუზების ავანგარდი დინჯი ქშენით შეჩერდა სასაზღვრო გალავანთან. უკანა რიგები წინა რიგებს მიაწყდნენ, შეჩერდნენ ისინიც. ტალღასავით ჩაუყვა ცვლილება გზისპირს მიჯრილი აქლემების რიგს და შორს, თვალსაწიერს მიღმა გაუჩინარდა. ურიცხ სიმდიდრე აეკიდებინათ უდაბნოს გოლიათებისთვის:  ოქრო-ვერცხლი, მარგალიტი, ლალი, ზურმუხტი, აბრეშუმი, ნელსაცხებლები, საკმეველნი - რას არ ნახავდა კაცის თვალი მათ უთვალავ საპალნეებში.
        აქლემების გამყოლები ამბობდნენ ერთი ჩვეული ქარავნის ზომის მხოლოდ ვაჭრები ჰყავს ამ სიმდიდრის მფლობელს, დიად სოვდაგარს, მსახურად აყვანილი, რომ მისი გაუგონარი ქონება უმცირეს წვრილმანამდე აღწერონო. სხვა ხმებიც დადიოდა დიად სოვდაგარზე - ერთნი ყვებოდნენ კიდით კიდემდე არ მოიძებნება ქალაქი, სადაც მისი სიტყვა თამასუქად არ ფასობდესო; მეორენი კი ირწმუნებოდნენ, თავად მეფენი უხრიან რიდით თავს, რადგან მრავალ სამეფო კარს მართებსო მისი ვალი; მესამენი კი ფიცით ამოწმებდნენ, უპოვარი მეთევზე იყო, ქოთანში დამწყვდეული ავსული იპოვა და მხოლოდ მისი ჯადოქრობის წყალობით მოიხვეჭა ეს საოცარი სიმდიდრე.
        თავად სოვდაგარი კი  არცერთ ჭორს უარყოფდა. ჯაშუშების ოსტატურად დაქსაქსული ბადის წყალობით მის ირგვლივ დარხეული ყველა ამბავი, რაგინდ უმნიშვნელო, არ გამორჩებოდა. ხანდახან თავადაც წააშველებდა ხელს, ერთმანეთთან შეუსაბამო ამბების აღრევით, გაურკვევლობის ბურუსით მოსავდა საკუთარ პიროვნებას. მოკლესიტყვა, თავისთავა კაცი იყო. ჩრდილში უყვარდა ყოფნა. მოთმინება ხმალი იყო მისი, ხოლო თვალთვალი - ფარი.  მრავალი ქვეყანა ჰქონდა მოვლილი, მრავალ ადგილას ევაჭრა, მრავალ ხიფათს გადაჰყროდა, მრავალ ბეწვის ხიდზე გამოევლო. მისთვის ცხელი უდაბნოს ოაზისები მომლოდინე მიჯნურები იყვნენ, ხოლო მრისხანე ბარხანები - იშვიათი მეგობრები.
        მოსწყინდა საბოლოოდ ეს უთავბოლო ხეტიალი, ნავსაყუდლის მოძებნა განიზრახა. დროებითის ან სამუდამოსი, როგორც იღბალი ინებებდა. მსტოვრები აფრინა მსოფლიოს მრავალ კუთხეში, ერთად მოაგროვა თავისი აურაცხელი სიმდიდრე, მთელი წელი ამზადებდა ამ არნახულ ქარავანს და ბოლოს, ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, თეთრ რაშზე ამხედრებული თავად წარუძღვა მას. არვინ უწყის, თუ რამდენ ხანს იარეს, რამდენი მთა გადმოლახეს, რამდენი ქვეყანა მოიტოვეს უკან. დაიღალნენ კაცნიც და ცხოველნიც, მაგრამ სოვდაგარი შეჩერებას არ აპირებდა. ყოველ დილა ჩვეული მხნეობით მოახტებოდა თავის ბედაურს და დაიძვრებოდა ქარავანი.
        ბოლოს კი შეჩერდა დიდვაჭარი. სადავეები ხელში ჩაბღუჯა და ნებიერი ხელისუფლის ერთიბეწო ქვეყნის მაღალ გალავანს მიაჩერდა. რამდენიმე ხანს იყო ასე, ბოლოს საჩვენებელი თითის ნევით მოურავს მოუხმო. სოვდაგრის უკან მორიდებით შეჯგუფულ ამალას დაბალ სახედარზე ამხედრებული განიერი, ბრტყელთავა კაცი გამოეყო, ბატონს გვერდზე ამოუდგა.
        - გისმენთ, უმფროსო! - ნაკეთი ენთუზიაზმით ამოაროხროხა მოურავმა.
        - აქ! - მოკლედ თქვა სოვდაგარმა. სადავის ბოლო გალავანს მიუშვირა.
        - აქ? - გაოცება შეეპარა მოურავის ხმას, თუმცა კი სწრაფად მოეგო გონს და უფრო გაწონასწორებული ხმით დაამატა - ამ კედელთან?
        სოვდაგარმა აუჩქარებლად მოაბრუნა თავი, თავიდან ფეხებამდე გამომცდელი თვალით შეათვალიერა მოურავი.
        - აა! ამ ქალაქში, ამას ამბობთ, ბატონო! - ბრიყვული ღიმილი აესხა ვირზე მჯდომს. პასუხს აღარ დალოდებია, უკუსვლით დასძრა სახედარი. ისე მოშორდა ბატონს, ნაკეთი ღიმილი არ მოსცილებია სახიდან, შემდეგ კი უხერხული თოხრაკით წააჯირითა საწყალი პირუტყვი და ომახიანი ხმით ბრძანებების გაცემა დაიწყო.
        სამი თვის თავს სოვდაგარი ნებიერი ხელისუფლის ერთიბეწო ქვეყანაში დაფუძნდა. საპალნეებით მოზიდული ურიცხვი დოვლათი დაჰყიდა, გაასესხა, სხვადასხვა ჯურის სარფიან საქმეში ჩასდო. არც აქლემები დარჩენია უყურადღებოდ, ისინიც მრავალგვარ დაასაქმა, სარჩო-საბადებელი გაუჩინა და უმოკლეს ხანში ჩვეული ენერგიით ააბზრიალა ურიცხვი საამქრო, განსაკუთრებით კი მევახშეობას მიჰყო ხელი. უმოკლეს დროში ინტეგრალურად შეერწყა ქვეყნის სოციუმს.
        ბინად დედაქალაქის შუაგულს წამოჭიმული ერთი ძველი სასახლე შეარჩია. რამდენიმე მაღალი კოშკი დაუმატა გროშებად ნაყიდ საფუძველს. ერთგან ჯალაბობა შეჰყარა, მეორეგან მსახურები, თავად კი ყველაზე მაღალი კოშკურის ზედა სართულზე მოიწყო სამუშაო ოთახი. უმეტეს დროს აქ ატარებდა. აქ უყვარდა საფიქრალთან ჭიდილი, ბოლთის ცემა, სასახლის ფერხთ გადაშლილი ქალაქის სარფიანი თვალით მზერა.
        სამუშაო ოთახის გვერდით მოზრდილი აივანი მიაშენებინა, იშვიათი მცენარეებით მორთული. ნასაღამოვებს ხალათს გამოიცვლიდა, აივანზე გავიდოდა, ვერცხლის თასიდან შავ ღვინოს წრუპავდა, მცენარეებს შორის ჩაჯდებოდა და კოშკის ძირიდან მომავალ ცხოველთა ღმუილს უსმენდა. ეს იყო სოვდაგარის ერთი დიდი სიამოვნება - უჩვეულო ნადირთა და ფრინველთა შეგროვება. მათთვის დიდი სანადირე ჰქონდა აშენებული. რას არ ნახავდა კაცის თვალი აქ - აფრიკულ ლომებს, ინდურ ვეფხვებს, ავსტრალიურ კენგურუებს, ტასმანურ ჭიანჭველაჭამიებს, ევრაზიულ ვირცხენებს. მარადმყინვარე შორეული სამხრეთიდან ჩამოყვანილი ერთი უცნაური ფრინველიც კი ჰყავდა - შავთეთრი ბუმბულებით შემკული, უსარგებლო ფრთებით და გრძელი ნისკარტით. ეს იყო მისი კოლექციის გვირგვინი. მეტად უყვარდა სოვდაგარს თავისი ტყვე ცხოველები. არც უწყოდა, თუ რატომ. უბრალოდ სიხარულის გრძნობას ჰგვრიდა ამ ნაირფერ ჯიშ-ჯილაგა არსებათა ერთად შეყრა და მათი უთავბოლო კაკაფონიით ტკბობა.
*  *  *
        გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ნეტარი ხელისუფალი ჩვეული ნეტარებით გამოერკვა ძილბურნიდან და ხავერდის ზეწრებზე პირაღმა გაშხლართულმა ხმაურით ამცნო სამყაროს საკუთარი ნეტარცხებული ბრწყინვალების ისევშობა. "ააჰ, კარგია ხელისუფლება!" - სიამით გაიფიქრა ნებიერამ, კატის კნუტივით დაიკრუტუნა, ბალიშის ყური მოყნოსა. ერთხანს კიდევ ებრძოდა ვერაგ მორფევსს, ბოლოს იმარჯვა, ჯერ მარჯვენა თვალი გაახილა, შემდეგ მარცხენა. საწოლზე წამოჯდა. უხალისოდ მიმოატარა დაბინდული თვალები. ოთახი არ ეცნო. თეთრი მარმარილოს სასახლე კი იყო, კედლების ფერით მიხვდა, მაგრამ სენაკის უბრალო მორთულობა ეუცხოვა. ამოიოხრა. საშინლად სტკიოდა თავი, ფერდიც ცუდად უფეთქავდა. ერთი სული ჰქონდა გადაბრუნებულიყო და მეორე პირი ძილი მოეთავებინა, მაგრამ ქვეყნის საქმეები ჰქონდა. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. აზოზინდა ბოლოს, საწოლის ქვეშ შეყრილ დედაკაცურ ფოსტლებში შეჰყო ბანჯგვლიანი ფეხისთითები. ერთხანს ოთახში იბოდიალა. ვარდისფერ, ფოჩებიან აბრეშუმის ხალათს მიაგნო, შემოიცვა ისიც. კედლის სარკეში შეათვალიერა თავი. არ ეამა. ამ მორთულობაში ვერც მტერს ეჩვენებოდა, ვერც მოყვარეს, მაგრამ ეხლა ამის დრო არ იყო.
        - ვერა! - დაჭრილი დათვივით დაიღიალა, საფეთქლებზე შემოიჭდო ხელისგულები.
        ოთახის ერთადერთი კარი უმალ გაიღო, წელში მოკაკვული დედაბერი შემოფლატუნდა. წყლით სავსე თიხის ფიალით და მრგვალი აბებით გაწყობილი ოქროსფერი ლარნაკი შემოიტანა. ნებიერამ ერთ ხელში თასი მობღუჯა, მეორეში კი აბები.
        - ეს რა ადგილია, ვერა?
        - სამოახლო გახლავთ, ბატონო - თავი დაუკრა მსახურმა, ლარნაკი ამოიიღლიავა.
        - ჰმმ.. - უმისამართოთ ჩაიბურდღუნა ნებიერამ, შემოტრიალდა, უთანაბრო ნაბიჯით მიუახლოვდა ოთახის მოპირდაპირე მხარეს გამოჭრილ მცირე სარკმელს.
        ერთხანს ჩუმად იდგა, ფანჯრის მიღმა გადაშლილ ქალაქს ჩაჰყურებდა. აბების გადნობას ცდილობდა ენისწვერით. მოშორებით, დაბალი შენობების მიღმა უცხო სასახლე შენიშნა, უცნაური ყაიდის კოშკურებით. ვერ გაიხსენა ეს ნაგებობა.
        - ვაზირს მიხმე! - მოუთმენლად გასძახა მსახურს.
        ვერა კარსმიღმა გაუჩინარდა. ერთხანს მისი ნაბიჯების ურითმო ხმა ისმოდა. შემდეგ სანატრელმა სიჩუმემ დაისადგურა. ნებიერამ საფეთქლები მოისრისა, ერთი ყლუპის მოსმით გამოსცალა წყლის ფიალა. თვალები მოჭუტა, შორეთს ჩააშტერდა. ამომავალი მზის ოქროსფერი სხივებით მორთული უცხო სასახლე კეკლუცი საპატარძლოსავით ინაზებოდა.
        ქოსა ვაზირი უჩუმრად შემოვიდა ოთახში. ლანდივით აეკრა ბატონს. ჩაახველა.
        - ვისია ეს სასახლე, ვაზირო?! - ქუშად იკითხა ვარდისფერ ხალათში გამოწყობილმა სამყაროს ნათებამ.
        ქოსამ თითის წვერებზე აიწია, ბატონის საჩვენებელ თითს თვალი გააყოლა, შემდეგ იდუმალი ხმით ამცნო:
        - დიადი სოვდაგრისაა, ბატონო. რამდენიმე თვის წინ ეახლა ჩვენს სამეფოს, მთელი ქონება აქ გადმოიტანა, ურიცხვი ქონება! ეგ მახინჯი სასახლე ააშენებინა და მანდ დაიდო ბინა.
        - მაშ, სასახლე ამიშენა, განა?! ჩემს საკუთარ ქალაქში?! შენ რას შვრები მერე? შენა?! რისთვინ გაჭმევ პურსა, რომ ვიღაც გადამთიელმა ცხვირწინ სასახლეები წამომიჭიმოს, არა? აი, შე, სამგლე! - აღრიალდა ნებიერა, მისი აღნაგობის კაცისთვის მოულოდნელი სიმკვირცხლით შემოტრიალდა და ქოსას ცარიელი თიხის ფიალა გამოუქანა. ვაზირიც ასეთივე სიმკვირცხლით მოიკაკვა წელში, ვერაგი ყუმბარა მალხაზად აიცილა და  ქვემოდან ამოსციცინა მარჩენალს:
        - მიმიტევეთ, ბატონო, უვიცობით მომივიდა, განა ცუდგანზრახვითა. არ მინდოდა თქვენი შეწუხება ამ წვრილმანებითა, საქვეყნო საქმეებს არ მოცდეს-თქო, ვიფიქრე, ჩემი მოკლე ჭკუითა!
        - კარგი, კარგი! - შემრიგებლურად  ჩაიბურტყუნა მოწყალე ბატონმა, ტორები ზურგსუკან შემოიწყო, სარკმელს მიუბრუნდა - შენ ისა თქვი, ეხლა რა ვუშველოთ ამ საქმეს.

        ბედის ჩარხი ხუმარა კაცის გამოთლილია.
        ისე ინება არსთა გამრიგემ, რომ გაზაფხულის ამ მშვენიერ დილას დიადი სოვდაგარი საკუთარ სამუშაო ოთახში მუხის მძიმე მაგიდასთან იჯდა. სავახშო განრიგს ამოწმებდა, მოკლე ყლუპებით კავას წრუპავდა. თეთრი, ქათქათა ხალათი ეცვა, შალის შარვალი, აბრეშუმის წინდები, ხაზარეთიდან ჩამოყოლილი მსუბუქი ღია ქალამნები. მხარსუკან მოურავი ედგა. მოწიწებით ართმევდა პატრონს შემოწმებულ დავთრებს და ახლებს აწვდიდა.
        რამდენიმე ხანში დაასრულეს ეს ყოველდღიურ რიტუალი. სოვდაგარი წამოდგა, მოკლე ნაბიჯებით მიუახლოვდა სარკმელს, ფაიფურის ჭიქა ცერა და საჩვენებელ თითს შორის მოაქცია. შორს, ქალაქის მფარველი მთის წვერზე წამომჯდარ სამეფო სასახლეს ახედა. ზღვის ტალღებივით ლიცლიცებდნენ გამჭვირვალე ბროლის სარკმელები. დიდხანს იყო ასე, უსიტყვოდ. მოურავმა ფრთხილად მოაგროვა დავთრები, ოთახის დატოვებას აპირებდა, როდესაც სოვდაგარმა მოულოდნელად ხმა ამოიდგა:
        - რაშია, მოურავო, ცხოვრების აზრი?
        გაშრა დავთრებიანი, ასეთ კითხვას არ ელოდა. ძლივს მოაბრუნა ენა გამშრალ პირში, რაღაც უნიათო პასუხს მოუყარა თავი.
        - წინსვლაში, მოურავო, წინსვლაში! - უჩვეულო სიმხნევით უპასუხა საკუთარ კითხვას სოვდაგარმა.
        - ისევ გზას უნდა დავადგეთ, უმფროსო? - უზარმაზარი აქლემების ქარავნის გახსენებაზე უსიამოდ გასცრა ბრტყელთავას. აქლემებს არას ერჩოდა, ეხლაც ხშირად ხვდებოდნენ აქა-იქ, უბრალოდ ქალაქის დატოვება არ სურდა. ერთი თეძოსქელი მეძავი ჰყავდა შემოჩვეული პატარა საროსკიპოში. სულაც არ უნდოდა ამ ვნებიანი არსების მიტოვება და  შორეულ უდაბნოებში ბარხანების მოტანილი ქვიშის ყლაპვა.
        პასუხის გაცემის მაგივრად სოვდაგარმა თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. სწორედ ისე, როგორც რამდენიმე თვის წინ ქალაქის გალავანთან. შემდეგ გაზომილად ჩაისუნთქა, უკუნივით შავი კავის ბოლო ყლუპი გადაჰკრა და ბედს შერიგებული კაცის ხმით უპასუხა:
        - ყველა გზა ვერსით არ იზომება, მოურავო. ეხლა კი გასწი, საქმეს მიხედე. გვიან დაწყებული დღე დაკარგული დღეა.

        ტრიალებს ჩარხი, ღელავს ხალხი.
        ზაფხული მძიმე გამოდგა. ჯერ სულშემხუთავი სიცხეები დაიჭირა, ენკენობისთვემდე ორი წვეთი ნალექიც არ აღირსა ზეცამ ტუჩებდახეთქილ მიწას, შემდეგ კი რაღაც ბნელი ჯადოქრობის მეცადინეობით ჭკუა-გონება აურია ნებიერი ხელისუფლის მორჩილ ქვეშევრდომებს. დუჟმორეულები ქუჩებში გამოცვივდნენ, საჯარო მოხელეები მიბეგ-მობეგვეს,საყოველთაო ამბოხების დროშა ააფრიალეს. ჩრდილოელი მეზობლის მჩხიბავობას აბრალებდნენ ამ გაუგონარ ამბავს სამეფო კარის ჟამიანი უხუცესნი. ერთიბეწო ქვეყნის შური კლავდა იქაურ ბოროტ ხელმწიფეს უხსოვარი დროიდან. ვერ მოენელებინა იმ ავსულს, რომ მინამ მისი ხრიოკი ქვეყნის შვილებს შიმშილით კუჭი ეწვოდათ, ნებიერას მადლიან მიწაზე მცხოვრები ბედნიერი მოქალაქეები არსთა გამრიგეს ათწლიანი მარხვით უხდიდნენ სამადლობელს ასეთი შეუდარებელი ხელისუფლისთვის.
        დიდხანს იძიეს ამ უბედურების სათავე კარისკაცებმა, საიმედო მიზეზს კი ვერ მიაკვლიეს. ერთნი ამბობდნენ სასმელი წყალი დაწამლესო ჩრდილოელებმა, მეორენი უხილავი ღამურების შემოსევას იმიზეზებდნენ, მესამენი კი მზეზე გაჩენილ უცნაურ ლაქებს მიიჩნევდნენ უბედობის პირველწყაროდ. მრავალი დაუჯერებელი ვარაუდი გამოითქვა. ერთი-ორმა ცრუ-სწავლულმა ისიც კი განაცხადა უსამართლობის გრძნობა არის გაჩენილი ერის წიაღში, მრავალი ჩვენი თანამემამულე სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობს და ეს არისო არეულობის თავი და თავი. ამ მავნებლებს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დააგლიჯეს ენები და პანღურის კვრით მიტოვებული ყანების სათოხნად გაყარეს.
        ვაი, რომ არეულ ქვეყანას ამით არა ეშველა. პირიქით, უფრო ძლიერად იფეთქა უკმაყოფილების ტალღამ. პირველი ვაზირის დამქაშები გაჭირვებით ინარჩუნებდნენ წესრიგს. ერთგან რომ მოახრჩობნენ ბუნტისთავებს, სხვაგან იჩენდა თავს ეს უკურნელებელი სენი. შემოდგომის დასაწყისს კი ისეთმა აყალმაყალმა იხეთქა ნებიერას ერთციცქნა ქვეყანაში, რამდენიმე საათით მეზობელი სახელმწიფოების ყურადღებაც კი მიიპყრო.
        ყველა დიდი ამბავი პატარა ამბით იწყება. ეს ამბავიც ასე დაიწყო.
        ერთი გარეუბნის ბოქაულს მწვალებლები დაეჭირა ქალაქისპირას. რამდენიმე უმადური ყმა შეკრებილიყო მცირე ტევრში, ღვინო ესვათ და ნებიერი ხელისუფლის გასაჯავრებლად ჩრდილოელების ენაზე ბრიყვული სიმღერები ემღერათ. ესენი მთელი ღამე ვირის აბანოში აყურყუტა ბოქაულმა. ასე უფიქრია იმ გულმოწყალე სულსა, ნამთვრალევი არიან, არ იციან რას სჩადიანო. გათენებულზე კი რამდენიმე იასაულთან ერთად შესულა მათ საკანში, მამაშვილურად დალაპარაკებია - აბა, შვილებო, ეგეთ სამარცხვინო საქმეს რათ სჩადიხართო. იმ უმადურ ჯორებს კიდევ, ბოდიშის მოხდის მაგივრად, მწარედ შეუგინებიათ. ამაზე კი გაჯავრებულა ბოქაული, ჭკუის სწავლება მოუნდომებია. სიბოროტით კი არა, კეთილსურვილითა. აი, როგორც მკაცრი მშობელი დასჯის ხოლმე ურჩ ყმაწვილსკაცს, თუმცა კი გული დარდით ეწვის. ჩვეულებისამებრ იასაულებს მუხის მაგიდაზე შემოუგდიათ შამგინებელი. შარვალი ჩაუხდიათ და დამლაგებელს მორჩენილი ცოცხის ტარი უტაკებიათ უკანალში. სანამ ესენი ასე მამაშვილურად არიგებდნენ ჭკუას იმ ცოდვის შვილსა, იმას მადლობის მაგივრად ღრიალი დაუწყია, არიქა მიშველეთო. ერთი ახალბედა იასაული დაბნეულა, ასე უფიქრია იმ სულკურთხეულს, ემანდ გული არ გაუხდესო ცუდადო. გარეთ გამოვარდნილა ექიმბაშის მოსაყვანად. იქვე ვიღაც გლეხები მდგარან, ამათთვის შეუძახია, კაცი გვყავს სუსტად, შემლოცავი ხომ არ გეგულებათო. ეს ბრიყვები კიდევ შეცვენილან ვირის აბანოში, თავისი ამხანაგის დანახვაზე ცოფი გადასდებიათ და დარევიან იასაულთ.
        ერთი სიტყვით, ამ უბრალო ამბიდან დიდი აურზაური აგორდა. იგორა ზვავმა იგორა და ნაშუადღევს ნებიერას სასახლეს მოაწყდა. კომბლებით, თოხებით, ცულებით, ნამგლებით ხელდახელ შეიარაღებული ადამიანები ყოველმხრივ შემოერტყნენ თეთრი მარმარილოს კედლებს. ფანჯრები შემოლეწეს, კარიბჭეები შემოამტვრიეს, ყვავილები გადათელეს, გობელინები ჩამოხიეს, ხალიჩები აგლიჯეს. მსახურები დაფანტეს, დარაჯები გააქციეს.
        ამ გაპარტახებული ერის მამა კი სამეფო დარბაზში იჯდა, გარედან შემოჭრილ ღრიანცელს კბილების კანკალით უსმენდა და კისერზე უგემოვნოდ შემოგდებულ აბრეშუმის ყელსახვევს გამალებით ღეჭავდა. ასე იცოდა ბავშვობიდან, დიდ საფიქრელს შეჭიდებულს ძროხასავით ცოხნა სჩვეოდა.
        - რა ვქნათ, ჰა, ვეზირო? რა ვქნათ? მოიფიქრე რამე, მიშველე, ვეზირო, რისთვინ გაჭმევ პურსა, ჰა? - ამოიხავლა ბოლოს, ყელსახვევის მეორე ბოლო იტაცა პირში.
        - მძიმედაა, უფალო, საქმე, მძიმედ, მაგრამ უიმედოდ არაა - თავი დაუკრა ქოსამ.
        - უიმედოდ არაა? - გული მოეცა ნებიერას - მართალს მეუბნები? შენ, დაგენაცვლე! ეხლა მამარჯვებინე, შენი ჯილაგის მზემა, მერე კი განახებ რა დღეს დავაყრი მაგ უმადურებსა. რამ გააცოფათ ეს სამგლეები? დღედაღამ ამათ ბედნიერებაზე ვფიქრობ, ესენი კი ნახე, როგორ მიხდიან ვალსა? ეს რა ჯანდაბა და დოზანაა, ჰა? ვისაც ჩავაცვი, ისინი მხდიან სწორედ!
        - გულმხნედ იყავით, ჩემო ბატონო, ისეთი გეგმა მაქვს, ამ უბედურებასაც გადავურჩებით, სამაგალითოდაც დავსჯით ბუნტისთავებს და ციხეებში ამოვალპობთ სუყველას.
        - აბა, რა გეგმა გაქვს, ვაზირო? - ყურები ცქვიტა ქვეყნისთავმა. სიმხნევეც კი შეეპარა ხმაში.
        - კარგი გეგმაა, ბატონო, კარგი კი არა, საუკეთესო, მაგრამ ცოტა მოთმინება გვმართებს, ბოლოში რომ გავიყვანოთ. ამ დილას დიადი სოვდაგრის მეკურტნე გვეახლა. ასეთ პირობას გითვლით ეგ ჩრდილოელი გველი, ნახევარი სამეფო დამითმე, ერთად ვმართოთო ეს ქვეყანა, სამაგიეროდ ამ ამბოხებულ ხალხს დავაწყნარებო.
        - ნახევარი სამეფო დავუთმო? შენ ხომ არ გადარეულხარ?! - არაადამიანური ხმით იღრიალა ხელისუფალმა. ბრაზმა შიში დაავიწყა, ხელსახოცის ბოლო კინაღამ ხახაში გადასცდა. ეტყობა სასახლის ირგვლივ შეკრებილებმაც გაიგეს ეს არამიწიერი ბღავილი, აურზაური წამიერად მიწყდა, შემდეგ კი ათმაგი ძალით იფეთქა.
        - ცოტა ხნით, სულ რამდენიმე თვით, მერე კი ისევ მოვიმაგრებთ ძალას და ნახე, თუ შენი მოწონებული სეირი არ დავაყაროთ მაგ ვაჭარსა. მაგან რა იცის ქვეყნის მართვისა. აქლემების ქარავნის ძღოლა ჰგონია ერის მწყემსვა.
        - ცოტა ხნითა? სულ რამდენიმე თვითა? - კბილების კაწკაწით გაიმეორა მოკუნტულმა ნებიერამ.
        - სულ რამდენიმე თვითა! სიტყვას გაძლევ, ჩემო ბატონო, საშობაოდ მაგ ეშმაკის ფეხის თავს მოგართმევ საჩუქრადა, მამიჩემის სული ნუ წამიწყდება.
        - სხვა გზა არ არის?
        - ვერ ვხედავ სხვა გზას - ამოიხვნეშა ვაზირმა - ასეთია კარის უხუცესების თათბირი. ხაზარელთა დესპანიც ამას გვირჩევს. მაგათ, ხომ იცით, დიდი ქვეყნების ჭიდილში ჭიპი აქვთ მოჭრილი.
       ფეხზე წამოდგა სამყაროს ნათება. მხრებში გასწორდა. ყელსახოცის ბოლოები გადმოაფურთხა. ხელები ზურგსუკან შემოიწყო. სამეფო დარბაზში ბოლთის ცემას დაიწყო. ბოლოს ვაზირისკენ ზურგშექცეული გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და პომპეზური ხმით ამოთქვა:
        - ასე გადავწყვიტე, ვაზირო, ხანდახან ძაღლიშვილი ძაღლზე უფრო ახლოს უნდა დაიბა. ამას შენ ვერ გაიგებ. ეს უძველესი სიბრძნეა. მაო ძიმ თქვა, ძველმა ჩინელმა დიდსარდალმა. შეუთვალე იმ სოვდაგარს, ვითვალისწინებ რა მის დამსახურებას ქვეყნის წინაშე, ყურად ვიღებ მის ვედრებას და სამეფოს ნახევარს მოწყალედ ვუთმობ. გეყურება? ჰოდა, ძალიან კარგი. ეხლა კი სამეფო ბაღიდან დარჩეული არაბული თრიაქი მომგვარე და აღარ დამენახო!

*  *  *
        წაწყდა პირველი ვაზირის მამის სული. ვერ აასრულა პირობა ქოსამ. კერკეტი კაკალი აღმოჩნდა სოვდაგარი. სამეფოს გაყოფიდან პირველივე დღეებში შეტევაზე გადმოვიდა. კარის უხუცესთა ნაწილი ტკბილი ენით მოთაფლა, ნაწილი ქრთამებით მოისყიდა, ურჩებს კი უსირცხვილოდ დევნა გამოუცხადა. სანამ უბრალო ხალხის მხარდაჭერა ზურგს უმაგრებდა, ქორივით დაერია ვაზირყოფილებს. ზოგნი დილეგში ჩააყრევინა, ზოგნი კი ქვეყნიდან გააძევებინა. სულ მოკლე ხანში ბოქაულთა სამსახური იგდო ხელთ, თავის ყურმოჭრილ მოურავს დაავალა მათი მართვა. არც ჯარი დარჩენია უყურადღებოდ, მთავარსარდლად ერთი დესპანყოფილი დანიშნა, ხელმწიფის ბრიყვული დაუმორჩილებლობის გამო წლების წინ გაძევებული, ხოლო ურჩი ასმეთაურები ცილისწამებით ჩააყუდებინა ციხეებში. ამასთან ეს ურცხვი სული დღედაღამ გზას ადგა და საქვეყნოდ გაიძახოდა, სამართალი უნდა აღვადგინო ქვეყანაშიო. ეს გონარეული, ტვინდაწამლული უპოვარი ერიც არხეინად უკრავდა კვერს მის ყოველ სიტყვას, ბოროტი სიხარულით ზეიმობდა მათ კეთილდღეობაზე გადაგებული ხელისუფლის მოხელეთა ყოველ ახალ უბედობას.
        ისე მოვიდა სევდიანი შობა და წავიდა, სოვდაგრის თავი არსად ჩანდა. დაგვიღონდა ნებიერა. დარდი შემოაწვა უნაოჭო შუბლზე, ჩაბნელებულ სასახლეში უმიზნოდ ბოდიალს და თრიაქის წევას უმატა. ხშირად შეჩერდებოდა რომელიმე უცხო დარბაზში, კრთომით ჩამავალ მსახურებს გამოელაპარაკბოდაოდა. ფუჭი იყო ყოველი მცდელობა, ხელისუფლის გრძელ მონოლოგებს მხოლოდ მის მიერ აშენებული უზარმაზარი სასახლის გრძელი დერეფნები პასუხობდნენ.
        გაზაფხულის პირს ბოლო უბედურება ეწვია ქვეყანას - პირველი ვაზირი, ხელისუფლის მარჯვენა ხელი, სამეფოს გულისცემის მფარველი, სამარცხვინო პირობებში დაატყვევეს, დილეგში ჩააგდეს და მზის შუქი მოუსწრაფეს. მეხის გავარდნასავით დაატყდა ეს ამბავი ნებიერას. თრიაქის ნეტარებაში გაყუჩებულს ყინულნარევი წყალი დაასხეს თითქოს. მყისიერად გამოფხიზლდა, ჩვეული რიხით დაუძახა მსახურებს, კვირეების მანძილზე მოზრდილი წვერი მოაპარსინა, საუკეთესო ხალათში გამოეწყო, ორი ერთგული მეომარი ეახლა და სოვდაგრის მაღალკოშკებიან სასახლეს მიაშურა.

        - ხელისუფალი გეახლათ, სწორთა შორის უპირველესო - თანაბარი, უემოციო ხმით მოახსენა მსახურმა. მაღალი ბიჭი იყო, კარგად გაწვრთნილი. „უპრიანად შემირჩია, მოურავმა, თავისი შემცვლელი“ - კმაყოფილად გაიფიქრა სოვდაგარმა - „საქმეს კარგად აკეთებს და საკუთარი აზრის ნატამალიც არ გააჩნია. ყოჩაღ, მოურავო, არც მწვადი დასწვი, არც შამფური. ბრძანებაც შეასრულე, შენი ადგილიც  არ ჩააგდე საფრთხეში“.
        - მარტოა?
        - ორი მეომარი ახლავს.
        - ნახევარ საათში მომგვარე. ეულად. მანამდე კი დიდ დარბაზში მოიცადოს.
        მსახურმა თავი დაუკრა, ნატიფი მოძრაობით დატოვა ოთახი.
       
        ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ ოთახში ხელისუფალი შემოვიდა. ფართო, მტკიცე ნაბიჯით მოუახლოვდა სოვდაგრის სამუშაო მაგიდას, მის წინ დადგმულ სავარძელში უცერემონიოდ ჩაეშვა. გრძელმა სიჩუმემ დაისადგურა.
        - კარგად მოწყობილხარ, ვაჭარო.
        - ბედს არ ვუჩივი.
        - პირველი ვაზირი დაატყვევებინე დღეს.
        - მე ეგ საქმე არ მეხება. ბოქაულები სდებენ მას ბრალს.
        - თუკი უბრალოა?
        - უბრალო კაცს ჩემი ხელისუფლება არ სჯის.
        - მაშ, შენი არა? - მწარედ გამოსცრა ნებიერამ.
        - ჩემი! - თვალი თვალში გაუყარა სოვდაგარმა - ადრე შენი იყო, ეხლა ჩემია.
        - ეჰ!... - ღრმად ამოიხვნეშა ხელისუფალმა, თვალი მოაცილა და სარკმელს მიღმა ამართულ მარმარილოს სასახლესა ახედა - ჩემს სახლსაც წაიღებ, არა? დღეს არა, ხვალ არა, ჯერ დააცდი ხალხს, მიავიწყდეს მისი ძველი ბინადარი. შეკეთებას მოიმიზეზებ. ერთ-ორი წლის შემდეგ კი საცდელად რაიმე საზოგადო წვეულებას გამართავ თეთრ სასახლეში, თუ ყურადღება არავინ მიაქცია, მოუხშირებ იქ ყოფნას, ბოლოს კი ერთიანად გადაბარგდები.
        - მოთმინება ხმალია ჩემი.
        - ამ საქმეს არაფერი ეშველება?
        - არა.
        - მაშ, კარგი - ბედს შერიგებული კაცის ხმით განაცხადა ხელისუფლებაწართმეულმა. წელში გასწორდა, ხალათის უბიდან სამეფო ბეჭდით დამოწმებული ორი ბარათი ამოაცურა - შენ გიტოვებ ჩემს უკანასკნელ ორ რჩევას. ეს ბარათები ჯერ არ გახსნა, საიმედო ადგილას შეინახე. შენებურად მართე ეს ციცქნა სამეფო, მე განგერიდები, ხელს აღარ შეგიშლი. როდესაც ძალიან გაგიჭირდება, ისე გაგიჭირდება, რომ საშველი გზა აღარა ჩანს, ლურჯი ბარათი გახსენი, წაიკითხე ჩემი რჩევა და მიჰყევი მას. წითელი ბარათი უფრო საიმედო ადგილას შეინახე, ეს მხოლოდ უკიდურესი უბედობის დროს უნდა გახსნა, პირველზე უფრო ძნელის.
        ამ სიტყვების დასრულებისთანავე წამოდგა, ბეჭდიანი ბარათები სამუშაო მაგიდაზე დასდო და ისეთივე მტკიცე ნაბიჯებით დატოვა ოთახი, როგორითაც შემოვიდა.
        სოვდაგარი ერთხანს ცნობისწადილით უმზერდა ბარათებს, თითქოს არ იცოდა რა ექნა. ბოლოს ხელში აიღო ორი კონვერტი, თითებში მოსრისა მათი ბეჭდები, სამუშაო მაგიდის საიდუმლო უჯრა გამოაღო და იქ შეინახა.

        ბრუნავს ჩარხი, ღელავს ხალხი.
        მოკლეფეხიანი აღმოჩნდა ნებიერას დარჩენილი მმართველობა. პირველი ვაზირის დატყვევების შემდეგ ხელისუფლების უკანასკნელი ნაგლეჯებიც გამოსტაცეს ხელიდან. გამოფიტულ თოჯინად, უსარგებლო საფრთხობელად აქციეს. მთელი ქვეყნის სამასხარო შეიქნა, დაუფარავად დასცინოდნენ უმადური ყმები, ბერიკად და ტაკიმასხარად მოიხსენიებდნენ. აევსებოდა ხოლმე მოთმინების ფიალა, რომელიმე საერთო თავყრილობას ძერასავით დააცხრებოდა, საფეხვნოს თავს მომჯარი უბადლო ბარიტონს დააქუხებდა. სიმართლეს ეუბნებოდა ხალხს, დაუფარავ, გაუმარგლავ სიმართლეს, მაგრამ პასუხად მხოლოდ გულგრილ სახეებს, ურწმუნო თვალებს, სიბრალულს, ზიზღს, სიძულვილს ხედავდა. წახდა დიდი ორატორი. გონი აერეოდა ხშირად, ისეთ სიბრიყვეებს იტყოდა, მოგვიანებით თავად რცხვენოდა მათი გახსენება.
        პატივმოყვარე კაცისთვის პატივის აყრა თვალის ჩინის დაკარგვის ტოლფასია.
        საზოგადო თავშეყრის ადგილებს სულ ჩამოშორდა. თავის თავში ჩაიკეტა,  თრიაქის წევას და კუჭის ამოყორვას უმატა. ეს იყო ძველი დროიდან მორჩენილი ერთადერთი დიდი სიამოვნება. რამდენიმე ერთგულთან ერთად შეიპარებოდა რომელიმე უსახელო დუქანში. ყველაზე ცხიმიან, გემრიელ კერძებს შეუკვეთავდა, სალაფავ გობში დინგჩაჩრილი ღორივით დააცხრებოდა მორთმეულს, კუჭს ამოივსებდა, მიწვებოდა შემდეგ კუთხეში, ოპიუმის ბურთულას შეუკეთებდა მოკლე ჩიბუხში, ნაკვერჩხალს მიუნთებდა, გააბოლებდა და ცრემლიანი სახით უსმენდა მეინახეთა იმედიან სიტყვებს.
        ეს ბოლო სიამოვნებაც არ შეარჩინეს ბოროტმა ქვეშევრდომებმა. ჩაუსაფრდნენ ერთხელაც, დუქნიდან გამოსულს თავხედურად კითხვებზე პასუხის გაცემა მოსთხოვეს. „რა კითხვები გაქვთო?“ - არ დაიბნენ თანმხლებნი. „რად გვატყვევებდნენ, გვაუპატიურებდნენ, გვცემდნენ, გვაწამებდნენ, გვამცირებდნენ, გვაპარტახებდნენ მისი ბოქაულებიო?“ - უტიფრად დაუბრუნეს გზისჩამკეტებმა. კითხვის ნიშნით გადმოხედეს ერთგულებმა თავიანთ ბატონს. ნებიერამ  თვალი შეავლო ბუნტისთავებს. უმეტესობა გამხდარი, უკბილო მამაკაცი იყო. ნაოჭებით დასერილი სახეები, ნაავადმყოფარი თვალები შემოსცქეროდნენ. ვერ გაუძლო სამყაროს ნათებამ ამ დამსხვრეულ, უნუგეშო მზერას, ზურგი შეაქცია საკუთარ ქმნილებას, რამდენიმე ნაბიჯი უკუღმა გადადგა, შემდეგ შეტრიალდა და უჩვეულო სიმკვირცხლით მოძუძგა.ქუჩს კუთხეში რაღაცას წამოკრა ფეხი, წაიქცა, წინსვლა არ შეუჩერებია. პირუტყვივით ოთხზე გახოხდა, დუქნის ბოლოს ამოჭრილ საგანავლე ჭაში თავით გადაეშვა. ქვეშეთიდან ერთხანს კიდევ ისმოდა სქელი სითხის ტყლაშუნში არეული ბუყბუყი, შემდეგ სიჩუმემ დაისადგურა.

        დიად სოვდაგარს ეს ამბავი ნახევარ საათში მოახსენეს. თავის სამუშაო ოთახში იყო, სავახშე დავთრების შემოწმებით გართული. დროებით შეწყვიტა კითხვა, სათვალე მოიხსნა, ხავერდის ნაჭრით კარგად გაწმინდა სქელი შუშა. შემდეგ ტანწვრილ მსახურს კავის შევსება სთხოვა, სათვალე ისევ ცხვირზე წამოისკუპა, დავთრების ფურცვლას დაუბრუნდა.

        შეუმჩნევლად გავიდა წელი. სოვდაგარს ცდა არ მოუკლია. თავად მუხლჩართული შრომობდა, აქლემებსაც ვირებივით ამუშავებდა, მაგრამ ციცქნა ქვეყანას გამოკეთების არაფერი დაეტყო. უპოვარნი უპოვრებად დარჩნენ, გლახაკნი კვლავაც მათხოვრობდნენ, მდიდარნი ჩვეული სისასტიკით ძარცვავდნენ საკუთარ სამშობლოს, ხოლო თითო-ოროლა შემძლე მოქალაქეს უცხოეთში გაქცევისკენ ეჭირა თვალი. ჩრდილოელი მეზობელი უწინდებურ ხრიკებს არ იშლიდა. ხარაზმელმა ელჩმაც კი უკლო ლოთობას და საროსკიპოებში წანწალს.
        ცუდი ამბები მოჰქონდათ მსტოვრებს, საავდრო ღრუბლები იკრებდნენ ძალას. სოვდაგრის მზის მფიცველნი დღითიდღე კლებულობდნენ, უკმაყოფილონი კი დაუფარავად იძახდნენ, დროულად თუ არ დაგვაპურა ქარავნების ოსტატმა, თავად დავერევითო მის ჩასუქებულ აქლემებს, ხორცს მწვადად ვაქცევთ, კუმისს კი ყველადო.
        მძიმე აღმოჩნდა საუკუნეების განმავლობაში არეულის უცბად დალაგება. სირთულეს არასოდეს შეშინებია სოვდაგარი, მაგრამ ბოლო დროს უიმედობის გრძნობა ეუფლებოდა. ქვეყნის ავადობის მიზეზი იცოდე, მკურნალობის გზაც შერჩეული ჰქონდა, მაგრამ თავად ავადმყოფი აღმოჩნდა მეტად ჭირვეული. მწარე წამლის მიღება არ სურდა, შარბათის ყლურწვით და ნაცრის ქექვით სურდა მორჩენა, თანაც დაუყოვნებლივ. ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია? ცოტაოდენი დრო სჭირდებოდა სოვდაგარს, რამდენიმე წელი მაინც, რომ ფეხი საიმედოდ მოეკიდებინა, ქვეყანა ზეზე წამოეყენებინა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაეძრა ჯანსაღობისკენ.
        საშველი კი არსად ჩანდა.
        ერთხელაც, რომელიღაც განსაკუთრებით ურჩი მოვალის საბუთების მოძიებისას, მტვერდადებული პატარა კოლოფი მოხვდა თვალში. ეუცხოვა. ფრთხილად გახსნა. ორი ბარათი შერჩა ხელში - ლურჯი და წითელი. ახლა-კი გაახსენდა მათი წარმომავლობა. უნუგეშოდ ჩაეცინა, ნეტავ რა რჩევები დამიტოვა იმ უცნაურმა კაცმაო. წითელი გვერდზე გადადო, ლურჯის ბეჭედი ცერა და საჩვენებელი თითით გატეხა. წერილი ამოიღო, ლამპის შუქზე გახედა. ერთი გვერდი ცარიელი იყო, მეორეზე კი გაკრული, მტკიცე ხელით ეწერა:

„ყველაფერი მე დამაბრალე!“

*  *  *
ნაყოფიერი აღმოჩნდა ხელისუფალყოფილის პირველი რჩევა. მას და მის დამქაშებს შეაწმინდეს ხელი, მათი ავი ზრახვების მსხვერპლი იყო ქვეყანა. ყველა სიწამხდრე, თუნდაც ახალ მოხელეთა მიერ ჩადენილი, მაინც წინათა ბრალი იყო. მათგან გადმოყოლილი, შემოპარული, შეჩენილი ბოროტი კარისკაცები შეგნებულად აფუჭებდნენ გაკეთებულ საქმეს, ყველანაირად ცდილობდნენ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხელის შეშლას. ეს კეთილდღეობა კი სულ მალე დადგებოდა, მხოლოდ ცოტაოდენი მოთმინება იყო კიდევ საჭირო.
         კრიალოსანივით აეწყო წლები, ნაოცნებარი კეთილდღეობა კი არსად ჩანდა. სოვდაგრის დიდი რუდუნებისა მიუხედავად ციცქნა ქვეყანა ისეთივე ჭაობში დარჩა, როგორშიც იყო. ყველა ამირანს თავისი ამბრი ჰყავს, ჩვენს დაუღალავ დიდვაჭარსაც შეხვდა მისი მჯაბნელი. მოტყდა ბოლოს. ხელი ჩაიქნია გატეხილის გამრთელებაზე. ბედის ჩარხს მიანდო მრავალი წლის წინ დაწყებული საქმე.

        ბედის ჩარხი კი ხუმარა კაცის გამოთლილია.
        სოვდაგარი თეთრი მარმარილოს სასახლის სამეფო დარბაზიდან დაჰყურებდა მთავარ კარიბჭესთან მომდგარ გაავებულ ბრბოს. მოურავყოფილის რაზმელები ძლივს აკავებდნენ გავეშებულ ყმებს. მათი ახალგაზრდა, სქელწარბა ბელადი სახელდახელო კვარცხლბეკზე შემხტარიყო, მუშტებს იქნევდა და ისტერიული ხმით ითხოვდა სისხლს.
        სოვდაგარმა ბუნტისთავებს თვალი მოაცილა, სამუშაო მაგიდასთან დაბრუნდა, სავარძელში ჩაჯდა, საიდუმლო უჯრიდან წითელი ბარათი ამოიღო, ცერა და საჩვენებელი თითით ბეჭედი გატეხა. ეს წერილიც ერთ მხარეს ცარიელი იყო, მეორე გვერდზე კი მსხვილი, მტკიცე ხელით ეწერა:

„დროა ორი წერილი დაწერო“

ჭირი იქა, ლხინი აქა.
ქატო იქა, ფქვილი აქა


No comments:

Post a Comment