Sunday, November 4, 2012

აშშ-ს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს


საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს მიაჩნია, რომ ამერიკის რესპუბლიკელი პრეზიდენტი უფრო ხელსაყრელი იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის, ვიდრე მისი დემოკრატი მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, ეს მიდგომა არ არის სწორი. მე არ ვამტკიცებ, რომ დემოკრატი პრეზიდეტი უკეთესი იქნება, უბრალოდ ვამბობ, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი პარტიის, რესპუბლიკელების თუ დემოკრატების, კანდიდატი დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. 

2012 წლის საბოლოო საპრეზიდენტო დებატები საკმაოდ ცივილური და არსებითი იყო (შესაძლოა ასეთი შთაბეჭდილება წინა დებატებთან შედარებით დატოვა, რომლებიც უაზრო კინკლაობაში გადაიზარდა).  თითოეული კანდიდატი სათანადოდ იყო ინფორმირებული საკითხების შესახებ და კონსტრუქციული წინადადებები წამოაყენა უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო როლზე.   რა თქმა უნდა, შიგადაშიგ ადგილი ჰქონდა აგრესიულ ბრალდებებს, ძირითადად მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ დებატების მთავარ თემაზე დახარჯული 45 წუთის განმავლობაში ორი რამ გახდა ნათელი - ამ ადამიანებს აქვთ უაღრესად მსგავსი, ხანდახან თითქმის იდენტური, პოზიციები საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხზე და ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას თავიდან ააცილონ კიდევ ერთ რეგიონულ კონფლიქტში ჩაბმა,  უახლოესი 4 წლის განმავლობაში მაინც.  რომნიმ ფაქტიურად დათმო თავისი საარჩევნო რიტორიკა, რომ ობამამ ქვეყანა სუსტად წარმოაჩინა საზღვარგარეთ, ხანდახან თითქმის აღიარებდა, რომ თავად ვერაფერს გააკეთებდა იმაზე მეტს, რასაც უკვე აკეთებს ადმინისტრაცია. რომნი, არჩევის შემთხვევაში, ალბათ არ შეცვლის არსებულ კურსს. უფრო მეტიც, მან შეიძლება საკუთარი თავი სუსტ მოთამაშედაც კი წარმოაჩინოს საერთაშორისო არენაზე.  რომნის მცირე გამოცდილება აქვს საგარეო პოლიტიკაში (ოლიმპიური თამაშების გადარჩენა ბევრს არაფერს ნიშნავს) და, როგორც ფრთხილი ბიზნესმენი, შეიძლება აერიდოს იმ საქმეს, რომელიც კარგად არ ესმის. მე მიმაჩნია, რომ ორივე მათგანი გულწრფელად გამოთქვამდა თავის აზრს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რადგანაც ორივეს ესმის - ეს თემა არ იქნება გადამწყვეტი ნოემბერში.  მასების გაუთვითცნობიერება ზოგჯერ საოცარი გულწრფელობის შესაძლებლობას იძლევა ორპირობის ჩვეულ პოლიტიკურ ნაკადში.

რადგანაც ახალი პრეზიდენტის ვინაობა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს, შეგვიძლია გადავხედოთ არსებულ მდგომარეობას, იმისათვის რომ  გავიაზროთ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში (ბუნებრივია, თუკი რაიმე მოულოდნელი გლობალური განვითარება ძლიერ არ შეცვლის მსოფლიოში მოვლენების მიმდინარეობას). აქ მოცემულია მოკლე ჩამონათვალი, თარმიმდევრობა უმნიშვნელოა:

1.
ავღანეთში ომის დასრულება და რეპუტაციის შენარჩუნება
2.
არაბული რევოლუციების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში წარმოშობილ ახალ ძალებთან ურთიერთობის სწავლა
3.
სირიის სამოქალაქო ომის  შეჩერება, რომ რეგიონული მასშტაბის კოშმარში არ გადაიზარდოს
4.
ისრაელთან ურთიერთობების დარეგულირება
5.
ირანის გაკონტროლება იმისათვის, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ჰქონდეთ
6. გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის აღზევების დაბალანსება
7.
სამხრეთ ამერიკის მზარდ ეკონომიკებთან თანამშრომლობის გამტკიცება
8.
ევროკავშირის დაცვა დაშლისგან - ფინანსურად, კულტურულად, სამხედრო თვალსაზრისით
9.
ამერიკის უძველესი დოქტრინის შენარჩუნება, რომელიც გულისხმობს ერთსა და იმავე დროს ორი კონვენციური კონფლიქტის წარმოების შესაძლებლობას

სხვა სირთულეებიც ბევრია  - გაზის დაბალი ფასების შენარჩუნება ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, კვლევისა და განვითარების სფეროში პირველ ადგილზე დარჩენა, სამუშაო ადგილების საზღვრებს გარეთ გატანის შემცირება, საემიგრაციო პოლიტიკის დახვეწა და ა.შ. თან ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სრულიად პოლარიზებული კონგრესის პირობებში, რომლის რეიტინგიც მხოლოდ 7 პროცენტია.

სად არის საქართველო ამ სიაში? არათუ პირველ ათეულში, ვშიშობ, რომ პირველ ორმოცდაათეულშიც კი არა. საქართველოსთან ურთიერთობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება რუსეთთან ურთიერთობა. ეს უკანასკნელი კი ალბათ არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გახდება პრეზიდენტი - ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ ფორმალურ, ცივ ურთიერთპატივისცემას ძალების პერიოდული დემონსტრირების თანხლებით. ამერიკა და რუსეთი, გადატვირთვის პოლიტიკის შემდგომ  წააგვანან ოციანი წლების ბუტლეგერულ  ბანდებს, რომლებიც რუდუნებით ითმენენ ერთმანეთის მეზობლობას, იმის იმედით, რომ ერთხელაც მეტოქეს ფეხი ამოუბრუნდება და შემდეგ მის ტერიტორიას დაისაკუთრებს. სირიაში განვითარებული მოვლენები ნათლად გვაჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება ეს ურთიერთობა - აშშ ერიდება კიდევ ერთ რეგიონულ კონფლიქტში გახვევას, ამასობაში კი რუსეთის ფედერაცია ახდენს ძალების დემონსტრირებას და ცდილობს თავისი გავლენის ზონის მაქსიმალურად გაფართოებას. ობამას არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია ამ ყველაფრის ხელის შეშლისათვის და რომნიმაც ნათლად გამოხატა, რომ ისიც არ აპირებს განსხვავებულად მოქმედებას.

საერთაშორისო პოლიტიკა რეალობის შეფასების უნარის მუდმივი ვარჯიშია. ბუშის დროინდელი ნეოკონიზმი აღარ არსებობს, არავინ აპირებს მის დაბრუნებას. მან უკვე გამოიწვია საკმარისი ზიანი - ამერიკამ თითქმის დაკარგა თავისი მრავალწლიანი მოკავშირების ნდობა და რუსეთის და ჩინეთის მაგვარ ქვეყნებს მისცა საშუალება განესაზღვრათ ახალი „დასაშვები“.  პოლიციელის ხელჯოხის ტარების დრო წავიდა. საქართველოს სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ გაითავისოს ეს ახალი გეოპოლიტიკური რეალობა და მოიქცეს ისე როგორც იქცევა ამერიკა, რომელიც საუბრობს რბილად, აგრესიაზე უარს ამბობს და ელოდება მტრის შეცდომებს. ჩვენ ვერ დავამარცხებთ რუსეთს ტანკებით ან ქართული სტუმართმოყვარეობით. ჩვენი ერთადერთი შანსი არის შრომა, უკეთესი საზოგადოების ჩამოყალიბება და იმის ლოდინი, თუ როდის გაეხვევა ხარბი დათვი საკუთარ მახეში.

No comments:

Post a Comment