Tuesday, November 6, 2012

პირველი ნაწილი: უნდა დაინიშნონ თუ არა ქართველი მოსამართლეები?


ხელისუფლების სასამართლო შტოს შესახებ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად განხილული საკითხი შემდეგში მდგომარეობს- მოსამართლეები უნდა აირჩენ თუ დაინიშნონ? დემოკრატიულ საზოგადოებებში შეინიშნება აზრთა სხვადასხვაობა - მაშინ როდესაც ევროპული ქვეყნების უმეტესობა იყენებს პირდაპირი დანიშვნის მეთოდს, არსებობს გამონაკლისები აშშ-ს, შვეიცარიისა და იაპონიის სახით. ის რაც ერთ ქვეყანაში კარგად მუშაობს, მეორე ქვეყანას არ ესადაგება. ბოლო წლებში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულება შერჩევითი მოპყრობის მიმართ და უარი ვთქვით უსამართლო საზოგადოებაში ცხოვრებაზე. ჩვენმა ყოფილმა ხელისუფლებამ მწარე გაკვეთილი მიიღო იმისა, რომ სამართლიანობა ჩვენში კეთილდღეობის გრძნობის ჩამოყალიბების უმთავრესი წინაპირობაა.

ამერიკულ სამართალთან პირველი შეხება 22 წლის ასაკში მქონდა. არაფერი განსაკუთრებული, 25 მილით გადავაჭარბე დაშვებულ შეზღუდვას, როდესაც ლურჯი-წითელი ციმციმი გამოჩნდა უკანა ხედვის სარკეში. ზუსტად არ ვიცი, რატომ დავარღვიე წესი. შეიძლება ახალგაზრდობის გამო, შეიძლება მანქანის ბრალი იყო, ან შეიძლება სულაც არ გადამიჭარბებია, როგორც ეს საჯარიმო ქვითარში ეწერა. არავინ იცის. მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამაჩერეს, დაადგინეს ჩემი ვინაობა, დამისვეს კითხვები, გამაფრთხილეს და საბოლოოდ საშუალო ასაკის ოფიცერმა რაღაც მოჩხაპნა თავის წიგნაკში და პატარა ყვითელი ფურცელი მომაწოდა, რომელზეც ეწერა, რომ უნდა გამოვცხადებულიყავი სასამართლოში და დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე ილინოისის ხალხის წინააღმდეგ. თარიღი არ იყო მითითებული, თუმცა უკანა გვერდზე არსებულმა წვრილმა შრიფტმა შემატყობინა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით დამიკავშირდებოდნენ.
ილინოისის მაცხოვრებლებთან დაპირისპირების პერსპექტივას დიდი სიამოვნება არ მოუგვრია. გაურკვეველი იყო, თუ როგორ გააუმჯობესებდა ეს ჩემი კეთილდღეობის გრძნობის ფრთხილ კალიბრირებულ ბალანსს. ასე რომ, ის გავაკეთე, რასაც ნებისმიერი რაციონალური ადამიანი იზამდა - ერთი თაღლითი ადვოკატი დავიქირავე. მაიკი ერქვა, საკმაოდ სხარტი აღმოჩნდა. შემთხვევიდან რამდენიმე დღეში შევხვდით ერთმანეთს კაფეში. ჩემს მონათხრობს ამოუცნობი ღიმილით უსმენდა, შემდეგ კი მხიარულად მაცნობა, რომ ალბათ გვარიანი ჯარიმის გადახდა მომიწევდა და 6 ან 12 თვიან პირობითსაც დაამატებდნენ. „ეს დუპეიჯის ოლქია, აქაური მოსამართლე ნამდვილი თავისტკივილია, პოლიციელებს იბარებს ხოლმე საგზაო შემთხვევების საქმის განხილვის დროს“ - ეს მითხრა და რაღაცის ძებნა დაიწყო ქაღალდის ნაგლეჯზე. „კარგი ამბავი მაქვს!“ - წამოიძახა ცოტა ხანში -„ არ არის დუპეიჯის ოლქი, ქუქის ოლქია. გაგიმართლა! ეს შემთხვევა ზუსტად ოლქის საზღვარზე მოხდა. ეს საქმე მარტივი იქნება, იქ ნამდვილი კრიმინალები ჰყავთ“ - საეჭვოდ ჩაიცინა. სულ ეს იყო. მაიკმა აიღო ფურცლები და წავიდა. სახლში მისვლისას გადავამოწმე მისი ნათქვამი და სწორი აღმოჩნდა. დიუპეიჯი ცნობილი ყოფილა წვრილმანი დანაშაულების გადამეტებული დასჯით, ქუქის ოლქი კი, მეორეს მხრივ, ვეგასის ანონიმურ ალკოჰოლიკთა შეხვედრასავით უხერხემლო იყო. ერთ კვირაში ყველაფერი მოგვარდა - არავითარი ჯარიმა, არავითარი ჩანაწერები საჯარო რეესტრიში, არავითარი ავტოსკოლა და დაზღვევა. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ ამ ამბავმა დამაფიქრა - ერთი და იგივე კანონი როგორ შეიძლება აღსრულდეს ასე განსხვავებულად ქუჩის სხვადასხვა მხარეს? ამ ორ მოსამართლეს ერთსა და იმავე საქმეზე ამგავრი განსხვავებული გადაწყვეტილება როგორ უნდა მიეღო?

მრავალი წლის შემდეგ დავუბრუნდი იმავე კითხვას. 2003 წელს ვარდების რევოლუციამ საქართველოს სათავეში ახალი ხელისუფლება მოიყვანა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. მათ ბევრი პირობა გასცეს, მაგრამ მათ შორის უმთავრესი იყო ქვეყნის არაჯანსაღი სასამართლო სისტემის გამოსწორება. გეგმაში ჰქონდათ ეს სისტემა იმ კორუფციის და არაკომპეტენტურობის ჭაობიდან ამოეთრიათ, რომელშიც უხსოვარი დროიდან იძირებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ ყველა მოსამართლეს გამოცდა ჩააბარებინა და მათი შედეგებისმიხედვით დასვა სამოსამართლო სავარძლებზე. ჩვენც მოთმინებით ველოდით შედეგებს. იმედი გვქონდა, რომ მივიღებდით სასამართლო სისტემას, რომელიც კანონის უზენაესობას სცემდა პატივს, სამართლიანობას დააბრუნებდა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე დაამარცხებდა კორუფციას. სად ვართ ეხლა? საქართველოს ციხეები გავსებულია, პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან, პირველი პრემიერ მინისტრი საეჭვო ვითარებაში მოკლეს, საზარელი ისტორიები ვრცელდება იმის შესახებ, თუ როგორ აიძულეს მდიდარი ბიზნესმენები დაეთმოთ თავიანთი კომპანიები. 2012 წელს ჰერიტეჯის მემკვიდრეობის ფონდმა შემდეგი შეფასება მისცა საქართველოს - „კანონის უზენაესობა არ სრულდება. მიუხედავად რეფორმებისა, სასამართლო პროცესი პოლიტიკური გავლენისა და კორუფციის ქვეშ რჩება. თანამდებობაზე დანიშვნამდე მოსამართლეების ტესტირებამ მნიშვნელოვნად ვერ გააუმჯობესა სასამართლოს ეფექტურობა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა უმეტესწილად არაეფექტური და სუსტია. კორუფცია კვლავ ზღუდავს ეკონომიკური თავისუფლების ყველა ასპექტს“. ისევ იქ დავბრუნდით საიდანაც დავიწყეთ, განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია.

მოსამართლეების ტესტირება საკმარისი არ აღმოჩნდა . მას შემდეგ, რაც ყველაფერი ითქვა და გაკეთდა, მოსამართლეები კვლავ იმ ძალას უხრიან ქედს, რომელმაც ისინი თანამდებობებზე დასვა. რატომ არ იმუშავა ამ მეთოდმა? სად დაუშვა შეცდომა სისტემამ? რა შეიძლება გავაკეთოთ განსხვავებულად? 

No comments:

Post a Comment