Wednesday, November 7, 2012

მეორე ნაწილი: უნდა დაინიშნონ თუ არა ქართველი მოსამართლეები?



ამ სტატიის პირველი ნაწილი ღიად დატოვებული კითხვით დასრულდა - რა შეიძლება გაკეთდეს ამჯერად განსხვავებულად საქართველოს ხელისუფლების სასამართლო შტოს ორგანიზაციაში, რომ ბოლო წლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დამყარებული „ელიტური კორუფცია“ აღმოიფხვრას. უფრო მეტად რომ დავკონკრეტდე, აქ საუბარია პოლიტიკური გავლენით გამოწვეულ კორუფციაზე, როდესაც მოსამართლეები არ ჭრიდნენ იმ ტოტს, რომელზეც იჯდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუკი დანარჩენ ორ შტოს არ ექნება მყარად გამჯდარი თვით-დისციპლინა და ტყუალ-მართლის გარჩევის მორალური გრძნობა. მე ვეთანხმები ამ აზრს და მას პოლიტიკური ნების გამოხატულებად აღვითქვამ. ასეთი სურვილი შესაძლოა მათ მმართველობის პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში გამოხატონ, თუმცა ამ ნების შენარჩუნება მომავალში არაბუნებრივად მეჩვენება. ჩვენ ვერ ვენდობით იმას, რომ ახალი ხელისუფლება შეინარჩუნებს კრისტალურ სისუფთავეს დიდი ხნის განმავლობაში - გასული თაობებიდან დაგროვილი გამოცდილება ამის საპირისპიროს ღაღადებს. ადამიანის გული ადვილად ირყვნება. რაც უფრო დიდხანს უჭირავთ ადამიანებს ძალაუფლების სადავეები, მით მეტია ალბათობა, რომ მანკიერება ამოსჭამს მათ კეთილსინდისიერებას, როგორც ჩრჩილი ძველ პალტოს. რადგან ამ რეალობას გვერდს ვერ ავუვლით, იგი უნდა გავითვალისწინოთ.

სამართლის სადარაჯოზე მდგომი ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ვნებათაღელვისგან, ეს არის უმთავრესი მიზანი. მათ ხშირად მოუწევთ მასისთვის გამაღიზიანებელი არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება ან ხელისუფლების დანარჩენი ორი შტოს კონტროლი, რომ მათ არ გადააჭარბონ მინიჭებულ უფლებამოსილებებს. მეორეს მხრივ, შესაძლებელია იმის თქმაც, რომ რაც არ უნდა შორს იყვნენ მოსამართლეები პოლიტიკისგან, ისინი მაინც აყვებიან ადამიანურ ცდუნებებს, თუკი მათზე კონტროლი არ განხორციელდება. ჯეფერსონმა ამის შესახებ საკმაოდ ელეგანტურად თქვა: „ჩემში დიდ შიშს იწვევს ფედერალური სასამართლო სისტემა. ეს ორგანო, მიზიდულობის ძალის მსგავსად, უხმოდ იზრდება, ნაბიჯ-ნაბიჯ იმყარებს უპირატესობას, არასოდეს თმობს მიღწეულს და თავის გაუმაძღარ ხახაში აქცევს მის მკვებავ სპეციალურ ხელისუფლებებს“.

როგორ მოვახდინოთ ამ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრების კონსოლიდაცია? გთავაზობთ შემდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებს:

1. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტის თანხმობით უვადოდ უნდა დანიშნოს აღმასრულებელმა შტომ (2010 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივად იქცა).

2. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებიც იმავე წესით უნდა დაინიშნონ, თუმცა პროცესი შეიძლება ნაკლებ მტკივნეული იყოს (მაგალითად, ამას შეიძლება სჭირდებოდეს უბრალო საპარლამენტო უმრავლესობა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მეტი შეიძლება დასჭირდეთ). ისინიც უვადოდ უნდა დაინიშნონ.

3. პარლამენტს გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული შემთხვევების დროს მოსამართლეების იმპიჩმენტის პროცედურა (მაგალითად,  როდესაც უტყუარი მტკიცებულება აქვთ ხელთ). იმპიჩმენტის პროცესი უნდა იყოს რთული და შეუძლებელი უნდა იყოს მისი განხორციელება საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების გარეშე. ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტს მიეცეს სასამართლო შტოს მართვის სუსტი სადავეები.

4. საოლქო მოსამართლეები უნდა დაინიშნონ. პროცესს კონტროლი უზენაესმა სასამართლომ უნდა გაუწიოს (არ ვგულისხმობ, რომ უზენაესი სასამართლო უშუალოდ უნდა იყოს ჩარეული ამ პროცესში, დეტალების დელეგირება შესაძლებელია). რეგიონული მოსამართლეები უნდა დაინიშნონ 24 წლის ვადით.

5. ეს არის შემოთავაზებული ცვლილებების ის ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ჩემს ადვოკატ მეგობრებს - ნდობის არჩევნები საოლქო მოსამართლეებისთვის. უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე საოლქო მოსამართლეებს ყველაზე დიდი გავლენა აქვთ. მოსახლეობის უმეტესობას არასოდეს უწევს შეხება უმაღლეს მოსამართლეებთან, საოლქო  მოსამართლენი კი მათ ყოველდღიური ცხოვრების პირდაპირი არბიტრები არიან. ისინი განასახიერებენ სამართალს თითოეულ რეგიონში. საზოგადოებას უნდა ეთქმოდეს თავისი სიტყვა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევნები. არ არსებობს რამდენიმე მოქიშპე კანდიდატი, რომლებიც ამომრჩეველთა დაბნევას ცდილობს, ეს არ არის პოპულარობის შეჯიბრი. ეს არის ნდობისათვის ან უნდობლობის განცხადება.

6. ნაფიცი მსაჯულების ფართომასშტაბიანი გამოყენება - რამდენიმე წელია ეს პროექტი ხორციელდება, თუმცა შეზღუდულად. გაუგებარია, თუ რა ვითარებებში იყენებენ ნაფიც მსაჯულებს. მე მჯერა, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება მოითხოვოს ნაფიცი მსაჯულების მსჯავრი სერიოზული ბრალდებების დროს (მაგალითად, თუკი მას ექვსი ან მეტი თვით პატიმრობა ემუქრება). ეს ფუნდამენტური უფლებაა და მკაფიოდ უნდა იყოს განცხადებული კონსტიტუციაში.

კიდევ ერთი კომენტარი მე-5 პუნქტთან დაკავშირებით - ნდობის არჩევნები გამოუცდელი ინოვაცია არ არის. აშშ-ს შტატების თითქმის ნახევარი ამ მეთოდს მიმართავს. ბუნებრივია, არის არგუმენტები მის სასარგებლოდაც და საწინააღმდეგოდაც. ამ სტატიის ფარგლებში მათი განხილვა შეუძლებელია. აქ მომყავს მხოლოდ ერთ საინტერესო ფაქტი - ამ მიდგომის მოწინააღმდეგები ხშირად ამბობენ, რომ არჩვენების 90%-ზე მეტში მოსამართლეები ინარჩუნებენ თავის პოსტს, მაშინ რა აზრი აქვს ამ არჩევნებს? მაგრამ ეს ხომ მოსალოდნელია? ნდობის არჩევნებით მოსამართლის თავიდან მოცილება უკანასკნელი რესურსია, იგი ძალიან იშვიათად უნდა განხორციელდეს.

საბოლოო კომენტარი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, რომელიც შეგნებულად გამოვტოვე. მისი როლი მეტნაკლებად გასაგებია, მაგრამ ცოტა გაურკვეველია მისი შექმინის წესები. ასევე არ მესმის, თუ რატომ არ შეუძლია მისი ფუნქციების შესრულება უზენაეს სასამართლოს. ეს შეიძლება შემდეგი სტატიის თემაც გახდეს. 

No comments:

Post a Comment