Monday, November 19, 2012

ჩვენი სიმართლის ფასი



ეს განმეორებად სიზმარს ჰგავს - თითქოს უკვე მომხდარა რამდენჯერმე და ახლა ისევ მეორდება. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სიზმარი არაა. შეუძლებელია უბრალოდ გავიღვიძოთ, გამოვფხიზლდეთ და შევიბრუნოთ ძილი. საზოგადოება კიდევ ერთხელ იყოფა პოლიტიკურ მხარეებად. ეს არ არის ის დაყოფა, რომელიც ხელს უწყობს აზრთა სხვადასხვაობას და კონსტრუქციულ დიალოგს, ეს ის დაყოფაა რომელიც მთებს მიწასთან ანგრევს, კონტინენტებს აშორებს და სამოქალაქო ომებს იწვევს.

ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ეს პირველად მოხდა. ჩვენი მაშინდელი ლიდერი უდიდესი მწერლის ვაჟი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლო, თავადაც დისიდენტი მხოლოდ კალმით შეიარაღებული იმ ძლევამოსილი ძალების წინააღმდეგ, რომლის შიშით სუვერენული ქვეყნები შიშით თრთოდნენ. ის პირველი იყო, რომელიც უმრავლესობამ აირჩია, რომელსაც ხალხმა დიდი იმედით ჩააბარა მმართველობა. პირველი ადამიანი, რომელსაც ყველა აღმერთებდა და უფრთხილდებოდა. მისი მმართველობის ორი წელიც საკმარისი აღმოჩნდა ქვეყნის ნანგრევებად ქცევისათვის - დედაქალაქში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, ტელევიზორებში აღელვებული ადამიანები შურისძიებას მოითხოვდნენ, ტანკები მიწასთან ასწორებდნენ ქუჩებს, სადაც ანტი-საბჭოთა მოძრაობის პირველმა მონაწილეებმა თავიანთ ახალგაზრდა სიცოცხლეები დათმეს სულ რამდენიმე წლის წინ. ჯოჯოხეთი ტრიალებდა მთელ ქვეყანაში.

რატომ დაგვატყდა ეს ყველაფერი თავს? ახლა წარსულს რომ ვუყურებ, თითქოს ყველაფერი ნათელია - ამის მიზეზი იყო  გახლეჩის რიტორიკა, ქვეყნის „ჩვენებად“ და „სხვებად“ დაყოფა, განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანებისადმი ზიზღი. ეს ყველაფერი ლიდერმა დაიწყო და გარშემოც იმავე აზროვნების მატარებელი ადამიანები შემოიკრიბა. მალე ამ ადამიანებიდან რამდენიმე აუჯანყდა ბელადის მმართველობას და სულ რამდენიმე თვეში კიდევ ერთი დაღი დაასვა ისედაც ნატანჯ ქვეყნის სხეულს.  ლიდერი გაიქცა და უცხო ქვეყანაში დაასრულა სიცოცხლე, როგორც ერთმა ვიგინდარა თაღლითმა, მაგრამ ჭრილობა მაინც დარჩა - იგი მოსარჩენად ძალიან ღრმა იყო, დასავიწყებლად კი ზედმეტად მტკივნეული. ქვეყანა უფრო მწვავედ დაიყო ორ ბანაკად - ერთი ნაწილი გაქცეუილი ლიდერის სახელს  ფანატიკურად მისტიროდა, მეორე ნაწილს კი მისი სამუდამოდ დავიწყება სურდა. სწორედ მაშინ გაჩნდა ეს საშინელი ადათი ვინმეს სახელზე „ისტ“-ის დამატებისა. ამგვარად დავიწყეთ ადამიანების დაყოფა, თითქოს რაღაც სამარცხვინო იარლიყს ვაკრავდით. ჩვენ აღარ ვიყავით ქართველები, ჩვენ გავხდით ზვიადისტები და შევარდნაძისტები.

ამ დარტყმის გადატანას 20 წელი დასჭირდა! ეხლა ისევ გვყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც სათავეში უმრავლესობის ნებამ მოიყვანა და ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. იგივე შეცდომა, იგივე თავბრუდამხვევი დაყოფა, იგივე სასიკვდილო დარტყმა - კვლავ ვუწოდებთ ერთმანეთს მიშისტებს და ბიძინისტებს. ნუთუ დაწყევლილები ვართ? ნუთუ ბედმა გვარგუნა ამ ლაბირინთში უსასრულოდ ხეტიალი? რატომ გვაქვს ასეთი ჩაკეტილი აზროვნება? რატომაა ასეთი რთული გამოსავლის პოვნა? რა აიძულებს ამდენ გონიერ ადამიანს აშკარად მცდარი პოზიციების დაცვა გააგრძელოს?

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზეზი ნაწილობრივ პირადი ინტერესი და ძალაუფლებისადმი მორჩილებაა, მაგრამ უმთავრესი სიამაყეა. ეს რაღაც სოციალურ დაავადებას ჰგავს - საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ისეთ საზოგადოებაში გავიზარდეთ, სადაც შეცდომის აღიარება სისუსტის აღიარების ტოლფასი იყო. თუ რომელიმე პოზიციას მივეკედლებით ძალიან ძნელი ხდება მისგან მოშორება, რადგანაც უკან დახევას, შეცდომების აღიარებას და სისუსტის გამომჟღავნებას ყველაფერი გვირჩევნია. ასე რომ ვაგრძელებთ წინ სვლას - ვცდილობთ დავამტკიცოთ შეუძლებელი, ყველანაირი ხერხებით ვცდილობთ ჩენი სიმართლე გავიტანოთ და ვეწინააღმდეგებით შინაგან ხმას, რომელიც სრულიად საპირისპიროს გვკარნახობს. ჩვენ არ შევწყვეტთ ამ პოზიციების დაცვას სანამ ვინმე გვისმენს, სანამ ვინმე დაინტერესებულია ჩვენი სიმართლით და გავაგრძელებთ ასე უსასრულოდ, მიუხედავად საპირისპირო ფაქტების მთელი გროვისა.

ეს სიამაყე არის ნამდვილი სისუსტე, მარცხი და კატასტროფა. სანამ ჩვენ ვდგავართ ჩვენს კვარცხლბეკზე და ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ, სულ უფრო ცოტა ხალხი გვისმენს, ბოლოს კი მხოლოდ საკუთარი ხმის ექო გვპასუხობს. მსმენელთა უმეტესობამ გზა გააგრძელა ან სულაც მიივიწყა ლაპარაკის თემა. ამ მომენტში  ვიაზრებთ მწარე რეალობას - ჩვენი სიმართლის მტკიცებისთვის ბრძოლაში ისტორიის დავიწყებულ დერეფანში მოვხვდით. ცხოვრება მრავალფეროვანი და მშვენიერია, ის არასდროს დგას ერთ ადგილას - ადამიანები იცვლებიან, აზროვნება ვითარდება, იდეები მწიფდება, ახალი ფაქტები გამოდის სააშკარაოზე - ყოველ დღე, ყოველ თვე, ყოველ წელს ჩვენ ვცხოვრობთ ამ არაჩვეულებრივად დინამიურ სამყაროში. მაშ, როგორ შეიძლება გვჯეროდეს დღეს, რომ გუშინ სრულიად მართალი ვიყავით? ამის მტკიცება ხომ სრული უვიცობის გამომჟღავნებაა?

თუკი ხვდებით ჩემს ნათქვამს, თუკი გიგრძვნიათ „თქვენი სიმართლის“ მტკიცების სიმძიმე, ისევე როგორც მე, თუკი ეს შინაგანი ხმა ეხლაც გკარნახობთ, რომ დროა შეჩერდეთ და რეალობა გადააფასოთ, მოუსმინეთ მას და გადადგით სწორი ნაბიჯი - იყავით არასწორი დღეს. 

No comments:

Post a Comment