Sunday, November 11, 2012


დაუშვებელია კანონის უზენაესობის უგულველყოფა დემოკრატიის ეფექტური მშენებლობის სახელით

 მაშინ, როდესაც საზოგადოება ცდილობს დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, ხანდახან ამბობენ, რომ სწრაფი წინსვლისათვის დასაშვებია კანონის უზენაესობაზე ნაკლები ყურადღების გამახვილება, ან სულაც მისი იგნორირება, ყოველ შემთხვევაში, საწყის ეტაპზე მაინც.  საჯარო განსჯებს დიდი დრო მიაქვს და სამართლებრივმა პროცედურებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეანელოს ორგანიზებული, მობილიზებული გუნდი, რომელიც რეფორმას ახორციელებს. შედარებისთვის, წარმოიდგინეთ ორი ქარავანი, რომლებიც შეუსწავლელ უდაბნოს კვეთს - პირველ ქარავანს, ვუწოდოთ მას ალფა, სათავეში ჰყავს ენერგიული, ქარიზმატული ვაჭარი, რომელიც უძღვება მას თავდაჯერებით, არ მერყეობს, მისდევს მიზანს, რკინის მუშტით ჭრის დავებს და უკან  იტოვებს სუსტებს. მეორე ქარავანს, ვუწოდოთ მას ბეტა, სათავეში ჰყავს ხანდაზმული ვაჭრების გუნდი, ისინი ხშირად ჩერდებიან, კამათობენ მიმართულებაზე, პირობებზე, ტვირთზე, თითოეული მათგანი განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, იშვიათად აღწევენ კონსენსუსს და ხშირად უწევთ არასასიამოვნო კომპრომისებზე წასვლა. ამ გუნდებიდან რომელს აქვს უფრო წარმატებული სავაჭრო მარშრუტის დადგენის შანსი?

 ბევრი ადამიანი ინტუიციურად გადაწყვეტდა, რომ ალფას ბეტასთან შედარებით უპირატესობა აქვს. წარმოიდგინეთ თუ რამდენი ბელეტრისტიკი - წიგნები, პიესები, ფილმები - დაგროვდა ამდენი წლის განმავლობაში, სადაც მოგვითხრობენ მიმზიდველ მთავარ გმირზე, რომელიც სათავეში ჩაუდგა კარგ, მაგრამ უნიათო გუნდს და მოაპოვებინა გამარჯვება ბოროტ ძალებზე. ადამიანების უმეტესობას ასეთი სიუჟეტი უფრო აინტერესებს, ვიდრე მოსაწყენი მოკვლევა იმისა, თუ როგორ მოახერხეს ხალხმრავალმა ჯგუფებმა შეექმნათ სტაბილური წარმოება, თანაც ისე, რომ არც ერთ მათგანს დიდად არ სურდა გმირობა. რატომ ხდება ასე? რატომ  მოგვწონს გმირები ასე ძალიან?

 აქ ბევრი სოციალური ფაქტორი იღებს მონაწილეობას, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი ჩვენი ევოლუციური ფსიქოლოგიაა. ჩვენ ჯგუფური არსებები ვართ, ჩვენ ვილტვით ძლიერი ლიდერისკენ და როდესაც ის ჩნდება, მივყვებით მას. ეს თვისება რომ არ გვქონოდა ვერასოდეს ვაჯობებდით ქვის ხანის მტაცებლებს, რომლებსაც წილად ხვდათ ჩვენი ევოლუციური გზის გადაკვეთის საეჭვო პატივი. ამავე მიზეზის გამო დიდი ხნის წინ მგლები დავიმეგობრეთ. ისინიც ჯგუფური არსებები არიან. ჩვენ მათ თავიდანვე შევაგნებინეთ თუ ვინ იყო უფროსი, დიდი მოთმინებით გავუქრეთ ლიდერობის ყველანაირი ნიშანი და ვაქციეთ ძაღლებად. ჰომო საპიენსებმა იციან, რომ კარგი მგელი არის ძაღლი.

 თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს. როგორც პრიმატები ჩვენ რთულ სოციალურ გარემოში გავიზარდეთ, სადაც სხვა ადამიანების აზრების ამოკითხვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დიდი ხელკეტის ქონა ვინმესთვის თავის გასაჩეჩქვად. ამ მხრივ ჩვენ ინდივიდუალისტები ვართ. გულის სიღრმეში ვიცით, რომ წარმატება ინდივიდუალურად ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიტანთ ჯგუფებს არა იმიტომ, რომ თავს ვთვლით ჭიანჭველებად, რომლებიც სკის მაგვარ საზოგადოებას აშენებენ, არამედ იმიტომ, რომ თანამშრომლობა გადარჩენის ერთადერთ მექამიზმად მიგვაჩნია - როგორც ფიზიკურ ისე ემოციურ დონეზე. ასე რომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ მეორე არსება, რომლებიც ჩვენს რთულ ევოლუციურ გზაზე რეალურად დავიმეგობრეთ, არის კატა. იგი ალბათ ოთხფეხების ყველაზე ინდივიდუალისტი წარმომადგენელია. ძაღლებისგან განსხვავებით არასოდეს გვიცდია გვესწავლებინა კატებისთვის, თუ ვინ არის უფროსი. ან შეიძლება ვცადეთ და ჭკუა გვასწავლეს. იმაშიც კი ეჭვი მეპარება, რომ ისინი ნამდვილად მოშინაურებულები არიან. ვფიქრობ, რომ ისინი უბრალოდ გვიტანენ, რადგანაც ეს დიდ ევოლუციურ თამაშში ეს მოგების საშუალებას აძლევთ. ასეა თუ ისე, კარგი კატა არის თავაზიანი კატა.

 იმედი მაქვს, რომ კატებისა და ძაღლების მეტაფორა ძალიან ბანალური არ არის და კარგად გამოხატავს ადამიანური ბუნების დუალიზმს.  უწოდეთ ამას ინი და იანი თუ გნებავთ. კარგი ისაა, რომ ეს ორი თვისება ურთიერთსაწინააღმდეგოც არის და ურთიერთშემავსებელიც. ალფა მიდგომა მოკლევადიან სარისკო საქმეებს ესადაგება - სანადირო ექსპედიციები, სამხედრო კამპანიები, სტიქიური უბედურებების შედეგებთან გამკლავება და ა.შ; ბეტა მიდგომა უფრო გრძელვადიან პროექტებს ესადაგება - ახალი სოფლის აშენების ადგილის არჩევა, მეზობელ ტომებთან მოლაპარაკებები, სოფლის თავკაცების არჩევა. ერთის მიზანია მიაღწიოს მოკლევადიან (ხშირად ერთჯერად) მიზნებს, მეორე კი სტაბილური ინსტიტუტების შექმნისთვის იღვწის.

 რომელ მხარეს მიეკუთვნება დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა? მგონი პასუხი ნათელია. როგორ შეიძლება ერთ-ერთი ყველა რთული გრძელვადიანი პროექტი - სახელმწიფოს შენება - განვახორციელოთ ისეთივე მიდგომით, რომელსაც მონადირეები იყენებენ მსხვილი ცხოველის მოსაკლავად, გენერლები კი მტრის ძალის გასაწყვეტად?

 ქარავნების შედარებას რომ დავუბრუნდეთ, ალფამ შეიძლება მოკლევადიან პერიოდში რამდენიმე წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში მას მაინც ბეტა აჯობებს. ალფას პრობლემა ის არის, რომ ერთი ლიდერის ერთ შეცდომას კატასტროფის გამოწვევა შეუძლია. ამასობაში კი ბეტაში დაშვებული მრავალი კოლექტიური შეცდომა მსგავსი მასშტაბის კატასტროფას არ გამოიწვევდა. კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მაგალითია, თუ როგორ ქცეულან ყველაზე კეთილი ზრახვების მქონე ადამიანები ურჩხულებად, როდესაც მათ ერთპიროვნული მმართველობა უვარდებოდათ ხელთ. რა თქმა უნდა, არსებობს საპირისპირო მაგალითებიც (ადამიანების სამყაროში არაფერია მარტივი), მაგრამ იმდენად იშვიათი ასეთი შემთხვევებია, რომ ხშირად მათ პარადოქსებადაც კი განვიხილავთ.

 დემოკრატიის მშენებლობა იწყება ყველა ხმის გათვალისწინებით. რაიმე ავტორიტარული გუნდისგან არ უნდა ველოდოთ, რომ ის წაუძღვება მორჩილ მასებს აღთქმული მიწის საპოვნელად. სამართლიანობა ციდან არ ვარდება. ის დიდი შრომისა და მოფრთხილების ფასად მოდის. მისი შექმნის დავალებას კეთილი განზრახვების მქონდე ჭაღარა ბერიკაცებს რომ მივანდობთ ხოლმე, ისინი ადიან უახლოეს მთაზე  და ჩამოაქვთ ძველთაძველი იერის მქონე ქვის ფილები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით თუ როგორ სრულდება ეს ფილმი - ორმოც წლიანი ხეტიალი უდაბნოში და საბოლოოდ იმ ერთადერთ ნაწილში დასახლება, სადაც არც გაზია და არც ნავთობი.

No comments:

Post a Comment